ბელარუსი

ბელარუსში Telegram-ის ოპოზიციური არხი Nexta Live ექსტრემისტულად გამოაცხადეს

ბელარუსული ოპოზიციური Telegram-ის არხი Nexta Live და მისი ლოგო ბელარუსის მთავრობამ ექსტრემისტულად გამოაცხადა. ამის შესახებ Nexta ინფორმაციას თავად ავრცელებს. 

"დღეიდან ჩვენი გვერდებიდან ნებისმიერი გადაზიარება ან ჩვენი ნიშნით ვიდეოების გაზიარება ადმინისტრაციულ დარღვევად ჩაითვლება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ინფორმაციას მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოზე დაყრდნობით ბელარუსის სამთავრობო მედიაც ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ Nexta-ს არხებზე წვდომა უნდა შეზღუდოს.

Nexta ბელარუსში ყველაზე ცნობილი ოპოზიციური არხია. მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს, პროტესტის გაშუქებით Nexta-მ ბელარუსში და მის გარეთ ბელარუსში მიმდინარე ამბების დაინტერესებულ პირებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. არხი დააფუძნა ბელარუსმა ბლოგერმა, სტეფან პუტილომ, რომელიც ახლა ვარშავაში ცხოვრობს. 

Telegram-ში Nexta-ს ორი მთავარი არხი აქვს 1.9 მილიონიანი და 900 000 გამომწერით. Nexta-ს აქვს ასევე Twitter-ის და Instagram-ის გვერდებიც. Nexta-ს გუნდი ასევე მართავს სატირულ არხს Luxta-ს, რომელსაც 200 000 გამომწერი ჰყავს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები