სპეცოპერაცია ზუგდიდში

ყოფილი მძევალი: პოლიციელმა ფული მოიტანა, 3 კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია მიმდინარე სპეცოპერაციას ფეისბუკზე ეხმაურება.

"სამი კაცის გარდა, ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ და თქვენს მესიჯებს მოგვიანებით გავეცნობი. მიყვარხართ ყველანი". – წერს ირაკლი კვარაცხელია.

ირაკლი კვარაცხელია სწორედ ის მძევალია, რომელიც თავდამსხმელის მოთხოვნით მთავარ არხს პირდაპირ ეთერში ჩაერთო. სწორედ კვარაცხელიას ჩართვით გახდა ცნობილი თავდამსხმელის მოთხოვნების შესახებ. 

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები