არჩევნები 2020 - როგორ ვაძლევთ ხმას პანდემიის პირობებში

0 კომენტარი

31 ოქტომბერს ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

პანდემიის პირობებში ამომრჩეველს გარკვეული წესების დაცვა მოუწევს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც ინფიცირების შესაძლო რისკების შემცირებას ითვალისწინებს. ასევე, ცესკოს დადგენილებით, კორონავირუსით ინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის ნაწილს გადასატანი ყუთებით მოემსახურებიან.

ხმის მიცემის წესი 31 ოქტომბერს

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს შესასვლელთან დახვდება დეზობარიერი და ხელის სადენზიფექციო ხსნარი. საარჩევნო უბანზე შესვლამდე და გამოსვლისას ყველამ უნდა დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით. კომისიის წევრები აღჭურვილები იქნებიან სახის ფარებით და ხელთათმანებით, თავად ამომრჩეველს კი სავალდებულოა, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნაც ორჯერ მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბანზე არ დაიშვება:

  • ნაკადის მომწესრიგებლისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობისა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს. 
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების დროს.

იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველს პირბადე არ ექნება, მას საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.

"ყველაზე მთავარი არის პირბადის ზუსტად მოხმარება. მხოლოდ ნიკაპზე ან პირის არეში არა. პირბადე უნდა ეკეთოთ როგორც ამომრჩევლებს, ისე კომისიის წევრებს, მედიის წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს. პირბადის გარეშე არავინ დაიშვება უბანზე. თუ ამომრჩეველს დაავიწყდა პირბადე, შეიძლება, არ ჰქონდეს, ჩვენ გვექნება და შევთავაზებთ, მათ საარჩევნო ადმინისტრაცია მოემსახურება". – ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საარჩევნო უბანზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალური საწერი კალამი გადაეცემა, რომელსაც არჩევანის გაკეთების შემდეგ კალმების სპეციალურ კონტეინერში დატოვებს.

პროტოკოლის მიხედვით, თერმოსკრინინგი ამომრჩეველს არ ჩაუტარდება. სიცხეს მხოლოდ იმ ადამიანებს გაუზომავენ, ვისაც საარჩევნო უბანზე დიდ ხანს ყოფნა უწევთ - კომისიის წევრებს, მედიას, პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, სხვა პერსონალს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმეს 37 ან 37 გრადუსზე მეტი დაუფიქსირდება, ხუთ წუთში მისი ტემპერატურა კიდევ გადამოწმდება - იმავე მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში პირი დატოვებს შენობას. 

იცვლება ფარული კენჭისყრის კაბინებიც - მათ ფარდა აღარ ექნებათ, ხოლო შესასვლელი გაკეთდება კედლისკენ მიმართული მხრიდან, რათა არ დაირღვეს ფარულობის პრინციპი.

კენჭისყრის შენობებში დეზინფექცია ყოველ სამ საათში ერთხელ უნდა ჩატარდება.

ინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, სპეციალურად შექმნილი ჯგუფების საშუალებით, არჩევნებში მონაწილეობას სპეციალური პროტოკოლით შეძლებენ.
 

კერძოდ, სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით - ტელეფონის ნომერზე: 2-51-00-51 (0);

თვითიზოლაციასა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ხმის ამ ფორმით მისაცემად რეგისტრაციისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დრო მხოლოდ 27 ოქტომბრის 14:00-მდე მისცა. თავდაპირველად, რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბრის 22:00-მდე იყო.

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, გადასატანი საარჩევნო ყუთო 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მოითხოვა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აკეთებს განმარტებას, რა ბედი ეწევა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ დაინფიცირდება ან მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური რიცხვი 2000-ს აღწევს. კარანტინის რეჟიმში 3 769 ადამიანია, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფი კონტაქტების რიცხვი უცნობია.

როგორ მივცეთ ხმა უცხოეთში

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა.

რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://e.gov.ge/CqJCl

ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე - არჩევნები 2020.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები