არჩევნები 2020

TI: თვითიზოლაციაში მყოფმა ათასობით ამომრჩეველმა, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს

რადიო თავისუფლება

საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები გადასატანი ყუთის მოთხოვნის რეგისტრაციის დროს "რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან, რაც პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს".

TI-ის შეფასებით, პრაქტიკაში გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა:

  • ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია;
  • თვითიზოლაციაში მყოფ მოქალქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია;
  • ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს განუცხადეს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა თვითიზოლაციაში მყოფი პირების საარჩევნო მიზნით აღრიცხვა და სია 26 ოქტომბერს გადასცა ცესკოს.

TI-ს განცხადებით, მათ ატყობინებდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფ პირად აღრიცხული.

"შესაძლებელია ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი, შესაძლებელია, არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს". – აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ სიების ავტომატური ფორმირება საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა.

"ასევე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ საკარანტინე ზონებში და სამკურნალო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი იქნებოდა სპეციალური უბნების შექმნა. იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიშობა და ის ყველა რეგისტრირებულ პირთან მივა. ასევე ვწუხვართ, რომ მსგავსი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, შესაძლებელია, რამდენიმე ათასმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლოს". –აცხადებს TI.

COVID-ინფიცირებულებმა ან თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს უნდა მიმართონ. თავდაპირველად, რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბრის 22:00-მდე იყო, შემდეგ დრომ 24 ოქტომბრის 14:00-მდე გადაიწია. ახლა კი, ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ცესკომ რეგისტრაციის ვადა დღის ბოლომდე გაახანგრძლივა.

კომენტარები