ეკონომიკა

აქ შემომსვლელნო, ყველა იმედი გარეთ დატოვეთ – ოცნების 8 წელი ეკონომიკაში

აკა ზარქუა
0 კომენტარი

8 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა და ხელისუფლება მოწინააღმდეგეს მშვიდობიანად გადააბარა. ეს, თავის მხრივ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპი იყო. ამასთან ერთად საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო, რომ ამ პოლიტიკურ ცვლილებებს დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოჰყვებოდა და ქვეყანა ამ მიმართულებით გარღვევას მოახერხებდა.

ამგვარი მოლოდინები კი უმთავრესად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და ყველაზე მდიდარ ქართველს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა. პოლიტიკაში მოსვლამდე, ბიძინა ივანიშვილი გულუხვი მეცენატისა და ფილანტროპის მისტიკური იმიჯით სარგებლობდა. ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამდე ცოტამ თუ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა იგი, მაგრამ ყველასთვის ცნობილი იყო ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ.

ვრცელდებოდა ამბები ივანიშვილის მშობლიური საჩხერის შესახებ, რომელთა თანახმადაც ადგილობრივი მცხოვრებლები ყველა სოციალური მომსახურებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, ხოლო ამ კეთილდღეობის მთავარი გარანტი კი თავად ივანიშვილი იყო. დაპირებები და საარჩევნო პროგრამა, რომელსაც ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო პერიოდში გასცემდა, არსებითად სწორედ "საჩხერის მოდელის" მთელ ქვეყანაზე გავრცელებას გულისხმობდა.

ცოტა ხნის წინ ამის შესახებ ილაპარაკა პრემიერმა გახარიამაც და თქვა, რომ "საჩხერე არის მოდელი მთელი საქართველოსთვის". პირადი ფინანსური რესურსი და გულუხვი ფილანტროპის იმიჯი საშუალებას აძლევდა ივანიშვილს, გაეცა დაპირებები, რომლებიც იმთავითვე არარეალური იყო, თუმცა ნათელი იყო, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ოცნება“ პრიორიტეტად სოციალურ საკითხებს აიღებდა და ეკონომიკურ სტრატეგიაც სწორედ ამას დაეფუძნებოდა.

სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის „ოცნების“ გუნდს მეტად ხელსაყრელი პირობები ჰქონდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში გატარდა პოლიტიკური და ეკონომიკური მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები. ამ დროისთვის საქართველოში უკვე დასრულებული იყო ფუნდამენტური რეფორმების დიდი ნაწილი, რომელმაც საქართველო თითქმის სრულად საბაზრო ეკონომიკად ჩამოაყალიბა, ამ მხრივ საქართველოს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები უსწრებდნენ.

როგორც ოცნების 8-წლიანმა მმართველობამ აჩვენა, ამ ხელსაყრელი წინაპირობების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეკონომიკურ ნაწილში ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით „ოცნების“ სათავეში ყოფნის რვაწლიანი პერიოდი უფრო წარუმატებელია, ვიდრე ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა.

ცხადია, იყო ფრაგმენტული წარმატებები, თუმცა 8 წლის შემდეგ ფაქტია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან შემცირდა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავალი შეუმცირდა, ხოლო ცხოვრების დონე თითქმის არ გაუმჯობესებულა. „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში ქვეყანა უფრო მეტად წინა წლების ინერციით ვითარდებოდა. ძნელია, დავასახელოთ „ქართული ოცნების“ რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ეკონომიკაში, თუმცა შედარებით მარტივია შეცდომების და იმ არაეფქტიანი გადაწყვეტილებების გამოყოფა, რომლებმაც ქვეყნის განვითარება შეაფერხა.

შემოტრიალება სოფლისკენ

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგია ძირითადად სწორედ სოფლის მეურნეობას ეხებოდა. მოსახლეობას ახსოვს დაპირებები სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და გლეხის წელში გამართვასთან დაკავშირებით. მართლაც, „ოცნების“ მმართველობის პირველივე წლიდან სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა არსებითად არც სექტორის მდგომარეობა გაუმჯობესებულა და არც სოფლის მოსახლეობისა.

სწორედ სოფლის მეურნეობის სექტორში გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ მიდრეკილება არაეფექტიანი რეგულაციების მიმართ, რომლებიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გახშირდა. პირველი ამგვარი პოპულისტური რეგულაცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 2013 წელს მიიღო, როდესაც უცხოელებისთვის სასოფლო სამეურნეო მიწის მიყიდვა აკრძალა.

მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლომ შეზღუდვა დისკრიმინაციულად მიიჩნია და კანონი არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შემდეგ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური ბრძანებით შეზღუდა. ეპოპეა საბოლოოდ 2016 წლის არჩევნების შემდეგ დასრულდა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ დაჰყვა „ქართული მარშის“ და სხვა პუტინისტური ჯგუფების მოთხოვნას და სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საბოლოოდ ახალი კონსტიტუციით აკრძალა. მხოლოდ ამ უაზრო რეგულაციის გამო საქართველომ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაკარგა.

2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად ჯამურად 1.7 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყო. გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის გამოშვება მხოლოდ 2013 და 2018 წლებში გაიზარდა, დანარჩენ წლებში სექტორის გამოშვება მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ამის ფონზე მცირდებოდა სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში. კლების ტენდენცია 2014 წელს გამოიკვეთა და მას შემდეგ განუხრელად გრძელდება.

შედარებისთვის სოფლის მეურნეობის სექტორის წილი მშპ-ში 2012 წელს 9,2%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 7,2% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ დაფინანსების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკის სხვა სექტორები გაცილებით უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

სოფლის მეურნეობის გამოშვება 1,1%-ით შემცირდა 2019 წელს, როდესაც სექტორი რეკორდული 293 მილიონი ლარით დაფინანსდა. „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ, 2012 წელთან შედარებით შემცირებულია კარტოფილის, სიმინდის, ბოსტნეულის მოსავალი, შემცირდა ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი. შემცირებულია ღორის და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა, შემცირებაა ხილისა და ციტრუსის მოსავალში, ასევე, შემცირებულია რძისა და თაფლის წარმოებაც.

ამ წლებში ყველაზე მეტად ყურძნის მოსავალი გაიზარდა, ის გაორმაგებულია, მცირედი ზრდა ფიქსირდება ხორბლის მოსავალში, თუმცა მაინც სრულად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. გაზრდილია შინაური ფრინველის სულადობა და წარმოებული კვერცხის რაოდენობა.

რეგულაციების პირველი ტალღა

ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: რუსთავი 2

2014 წლის 1 სექტემბერს „ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება "იმ ქვეყნების ჩამონათვალის შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მოგზაურობა უვიზოდ შეუძლიათ". ამ დადგენილების შესაბამისად სავიზო რეჟიმი დაწესდა ან გართულდა 23 სახელმწიფოსთვის. ქვეყანაში გართულებული შემოსვლის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული ნაკადი.

ტურისტული სექტორიდან შემცირებული შემოსავლის ფონზე, დადგენილებაში მალევე შევიდა ცვლილებები და საქართველოში შემოსვლა გამარტივდა, თუმცა ეს ვითარების გამოსასწორებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ეს შეზღუდვა მთავრობამ 2016 წელს გააუქმა. ამ პერიოდში მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებამ ქვეყანას დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დააკარგვინა.

ამავე პერიოდში დაწესდა ყადაღა სარჩელის უზრუნველყოფის დაუყოვნებლივ ფორმად. ამ შეზღუდვის გამო ქვეყანაში შეფერხდა რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია. ერთ-ერთ მაგალითია ლიბერთი ბანკის საქმე, როდესაც პოტენციური ინვესტორი თანახმა იყო 100 მილიონის ინვესტიცია ბანკში მიმდინარე სასამართლო გარჩევების ფონზე განეხორციელებინა, თუმცა ამ ნორმის გამო ვერ შეძლო. ამ შეზღუდვის გამო ქვეყანამ სხვადასხვა მონაცემებით 50-100 მილიონ დოლარამდე პოტენციური ინვესიტიცია დაკარგა.

დაბრუნება რუსულ ბაზარზე

შეხვედრა აბაშიძე-კარასინის ფორმატში, [ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინი]

მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ენერგეტიკული და ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა, რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი არსებითად შემცირდა. ცხადია, უმსხვილესი საექსპორტო ბაზრის დაკეტვამ მაშინ ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა დანაკლისი სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ზრდით დააბალანსა.

რუსეთის ბლოკადას ჰქონდა პოზიტიური ასპექტიც, უპირველესად კი ის, რომ ამ პროცესის შედეგად საქართველო რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებელი გახდა, რამაც სამომავლო რისკები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთანავე შემცირდა დამოკიდებულება ტრადიციულ რუსულ ბაზარზე, რომელსაც რუსეთი პერიოდული დაძაბულობების დროს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებდა. გაიზარდა ქართული პროდუქციის ხარისხი, რადგან საჭირო იყო ახალ და უფრო მაღალი სტანდარტის ბაზრებზე თავის დამკვიდრება, ამის ყველაზე კარგი მაგალითი ქართული წარმოების ღვინოა, რომლის ხარისხიც რუსული ემბარგოს შემდეგ შესამჩნევად გაიზარდა.

საბოლოოდ, რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება მინიმუმდე შემცირდა, 2009 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 300 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაიწყო. ცხადია, რუსეთის ზომის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება ეკონომიკისთვის სასარგებლო იყო, თუმცა 8 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველო რუსეთზე კვლავაც უკიდურესად დამოკიდებულია.

2012 წლისთვის რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშიც კი არ შედიოდა, ხოლო 2019 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. რუსეთი უმსხვილესი პარტნიორების სამეულში 2013 წლიდან დაბრუნდა. რუსეთთან ვაჭრობის ბრუნვა ბოლო წლების განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2012 წელი - $523 მილიონი, სიდიდით მე-6 სავაჭრო პარტნიორი;
  • 2013 წელი - $774 მილიონი, სიდიდით მე-3 სავაჭრო პარტნიორი;
  • 2014 წელი - $848 მილიონი, სიდიდით მე-3 სავაჭრო პარტნიორი;
  • 2015 წელი - $788 მილიონი, სიდიდით მე-2 სავაჭრო პარტნიორი;
  • 2016 წელი - $881 მილიონი, სიდიდით მე-3 სავაჭრო პარტნიორი;
  • 2017 წელი - $1.1 მილიარდი, სიდიდით მე-2 სავაჭრო პარტნიორი;
  • 2018 წელი - $1.3 მილიარდი, სიდიდით მე-2 სავაჭრო პარტნიორი;
  • 2019 წელი - $1.4 მილიარდი, სიდიდით მე-2 სავაჭრო პარტნიორიl;
  • 2020 წელი - იანვარ-სექტემბერი - $934 მილიონი, სიდიდით მე-2 სავაჭრო პარტნიორი;

2012 წელთან შედარებით რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა 167%-ით არის გაზრდილი. რუსეთის წილის ზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობისა და მიმოსვლის ხელშეკრულება. ამ შეთანხმებით ქართულ პროდუქციას მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და მოცულობით რუსეთზე ბევრად უფრო დიდ ბაზარზე თავისუფალი წვდომა მიეცა. ამ პერიოდში ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა ძალიან გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა რუსეთთან ვაჭრობის დინამიკასთან შედარებით უმნიშვნელოა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთი ამ დროისთვის აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. 2012 წლიდან 2019 წლამდე რუსეთში გამავალი ექსპორტის მოცულობა 961%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტი მოცულობა 132%-ით არის გაზრდილი.

ცხადია, რუსეთთან ვაჭრობა და მათ შორის გაზრდილი ექსპორტიც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით სასარგებლოა, თუმცა არსებობს 2006 წლის გამოცდილებაც, როდესაც ვითარება საქართველოს საზიანოდ შემოტრიალდა. იმას, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება პოლიტიკური ზეწოლისთვის, ადასტურებს 2019 წლის ივნისში, თბილისში მომხდარი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ განვითარებული მოვლენები. მაშინ რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოში .

რეგულაციების მეორე ტალღა

ფინანსური სექტორის რეგულაციების მეორე ტალღა ე.წ. ონლაინ სესხების მძიმე დარეგულირებით დაიწყო. ცვლილებები ძირითადად იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფარგლებში დაწესდა.

2017 წელს სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 100%-ით განისაზღვრა, რაც მაშინ ონლაინ სესხების საბაზრო განაკვეთზე რამდენჯერმე დაბალი იყო. 2018 წელს კი საპროცენტო განაკვეთის ჭერი 50%-ით განისაზღვრა. შედეგად, ერთი წლის განმავლობაში ძირითადად ბაზარი იმ ონლაინ გამსესხებლებმა დატოვეს, რომელთა ბიზნესმოდელი ვერ თანხვდებოდა რეგულაციით გათვალისწინებულ წესებს.

რეგულაციის მეორე ფაზა იყო გარკვეული კოეფიციენტების დაწესება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ეროვნული ბანკის რეგულაციების ეფექტს ნათლად ასახავს ოფიციალური სტატისტიკაც. ონლაინ სესხების მთლიანი პორტფელი, 2020 წლის 1-ელი კვარტალის მდგომარეობით 25 მლნ ლარი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 165 მლნ ლარს შეადგენდა.

ონლაინ სესხების რეგულირების პარალელურად დაიწყო, სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებაც. ახალმა შეზღუდვებმა უმთავრესად სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დააზარალა, რადგანაც მათი კლიენტების უმეტესობა მაღალი რისკიანობისაა. შესაბამისად, შემცირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები და მოგება. რეგულაციების შემოღებიდან დღემდე აქტიური მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 71%-ით შემცირდა. ამ დროის განმავლობაში ლიკვიდაცია გამოაცხადა 35-მა ორგანიზაციამ.

ფინანსური ბაზრის შედარებით პატარა მოთამაშეების დარეგულირების შემდეგ, სახელმწიფო უკვე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების - ბანკების რეგულირებას მიჰყო ხელი. პერიოდულად ბანკებით უკმაყოფილონი იყვნენ სხვადასხვა თანამდებობების პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ორმა ბანკმა [საქართველოს ბანკმა და TBC-მ] ქვეყანა გადაჭამა."

ბანკების მიმართ უკმაყოფილება მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის აპრილში გამოთქვა: "საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა", - განაცხადა ბახტაძემ ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრში შეხვედრისას.

ამ განცხადებიდან მალევე, 2018 წლის მაისიდან, ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესდა სხვადასხვა შეზღუდვა. ბანკებს აეკრძალათ ყველა სახის სესხის გაცემა, გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე. ასევე, შეიზღუდა სესხის მიცემა თვითდასაქმებული პირებისთვის.

შეზღუდვებმა უმთავრესად შეამცირა განვადებებისა და მცირე სამომხმარებლო სესხების ბაზარი. რეგულაციების შედეგად შემცირდა ტექნიკის მაღაზიების გაყიდვებიც. თუკი მანამდე მთლიანი გაყიდვებიდან განვადების წილი დაახლოებით 60 პროცენტი იყო, რეგულიციების ამოქმედების შემდეგ განვადებათა რაოდენობა საშუალოდ 50 პროცენტამდე დაეცა. ამ სერვისის მომხმარებელთა შემცირება, საბოლოოდ, სამუშაო ადგილებზეც აისახა.

უფრო მასშტაბური საბანკო რეგულაციების ამოქმედება, თავდაპირველად, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცვლილებების შეტანის არგუმენტით ვადამ ორი კვირით, 15 ნოემბრამდე გადაიწია. საბოლოოდ, ახალი რეგულაციები მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილებები ყველა სახის საბანკო კრედიტებს შეეხო.

ფინანსური რეგულაციების ამოქმედების შედეგი ეკონომიკამ 2019 წლის მეორე ნახევარში იგრძნო, როდესაც ფინანსურ სექტორში ინვესტიციები 33 მილიონი დოლარით შემცირდა. ხოლო ზარალი ბოლო ოთხი ფინანსურ კვარტალის განმავლობაში 280 მილიონი დოლარს გაუტოლდა.

სახელმწიფო კაპიტალიზმი

ფოტო: ტაბულა

სხვა წარუმატებლობათა ფონზეც, სახელმწიფო კომპანიების წამგებიანობა ქართული ოცნების მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შტრიხია. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო კომპანიები ოდესღაც მოგებაზეც გადიოდნენ და, მაგალითად, 2012 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მოგებამ 150 მილიონი ლარი შეადგინა.

„ოცნების“ მმართველობის უკლებლივ ყოველ წელს საწარმოები გადიოდნენ ჯამურ ზარალზე, რომელიც ხშირად ასეულობით მილიონ ლარს აღემატებოდა. სახელმწიფო კომპანიების წამგებიანობის მიზეზებს შორის სხვადასხვა დროს მსხვილი აქტივების ჩამოწერა და გაცვლითი კურსის ცვლილება სახელდებოდა. ამგვარი ტრენდის კიდევ ერთ მიზეზზე ილაპარაკა „ოცნების“ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. "დღეს სახელმწიფო კომპანიები არაეფექტიანობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ". − განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამგვარ ნეპოტიზმზე და გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს ბოლო თვეებში მომხდარი რამდენიმე ფაქტიც. კერძოდ, მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ქუცნაშვილი უმუშევრად, მის მიერ ორგანიზებული „საერთაშორისო მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის“ შემდეგ დარჩა.

ახალი და, სავარაუდოდ, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური ქუცნაშვილისთვის მალევე მოიძებნა. ყოფილი დეპუტატი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. ამის მიუხედავად, კვლავაც უცნობია, თუ რა ხელფასს მიიღებს ქუცნაშვილი ახალ თანამდბებობაზე. ჟურნალისტების კითხვაზე ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ იგი აღარ არის საჯარო პირი და არც პასუხების გაცემის ვალდებულება აქვს.

იგივე პასუხი გასცა ჟურნალისტებს „ოცნების“ კიდევ ერთმა ყოფილმა დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა. მანდატის დატოვების შემდეგ ზარდიაშვილმა ახალი სამსახური სახელმწიფო კომპანია "ენერგოტრანსში" მიიღო. ქუცნაშვილის მსგავსად, ზარდიაშვილიც დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

მმართველი გუნდიდან წასული ჩინოვნიკების სახელმწიფო კომპანიებში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშვნა ბოლო წლებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ხოლო პარტიული აქტივის წევრები იმავე კომპანიებში შედარებით მოკრძალებულ თანამდებობებს იკავებენ.

ჩამოთვილილი პრობლემები პირდაპირ აისახება ამ კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე. სახელმწიფო კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვანი საკითხი გახდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებისა და მთავრობის ურთიერთობაშიც. მაისში IMF-სა და მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმებით, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

შეთანხმების მიხედვით, საპარტნიორო ფონდმა უნდა შეწყვიტოს ახალი საინვესტიციო პროექტები და მხოლოდ არსებული პროექტების დაფინანსებით შემოიფარგლოს. ეს სავალუტო ფონდის პირდაპირი პირობა იყო, რომელიც მთავრობამ დააკმაყოფილა. ამგვარი პირობის წამოყენების მიზეზი კი, შესაძლოა, იყოს საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული საეჭვო და წამგებიანი ინვესტიციები.

მათ შორის, მარტში ცნობილი გახდა, რომ ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია 7 მილიონი ლარით დააფინანსა. ცნობისთვის, საპარტნიორო ფონდის დირექტორი, დავით საგანელიძე და ლევან გაჩიჩელაძე ძველი თანაპარტიელები და მეგობრები არიან. გაჩეჩილაძის კომპანიას აშშ-ში ღვინის ექსპორტი ორი წლის წინ უნდა დაეწყო, თუმცა ბაზრის ათვისების პროცესი ჯერაც არ დაუწყია. გაჩეჩილაძე სარეკლამო კამპანიისთვის დამატებით 2 მილიონი ლარის მოთხოვნას გეგმავდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ამ კომპანიების დასახმარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებიც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებში 1,5 მილიარდი ლარი გადარიცხა. ამ თანხის ნაწილი კომპანიებში ირიცხებოდა, როგორ კაპიტალდაბანდება, ან როგორც სუბსიდია. მიუხედავად დიდი ოდენობით საბიუჯეტო დახმარებისა, ამ წლების განმავლობაში იზრდებოდა სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ვალდებულებებიც. 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო საწარმოების ჯამური ვალი 72%-ით გაიზარდა.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების ვალს, ქვეყნის მთლიან საგარეო ვალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ამ საწარმოების ჯამური ვალდებულებები მშპ-ს 18.5%-ია.

ამ კომპანიების წინაშე არსებული ვალდებულებებზე პასუხისმგებელი საქართველოს სახელმწიფოა. თუკი კომპანიებს გადაულახავი სირთულეები შეექმნებათ, სახელმწიფო ვალდებულია, მოემსახუროს ამ კომპაინიების დავალიანებას.

სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაულახავი სირთულეების ალბათობა საკმაოდ მაღალია. საქმე ისაა, რომ 68 უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოდან 59 მოგებიანობის კოეფიციენტს ვერ აკმაყოფილებს. ამავე 68 კომპანიიდან, 29 საწარმო მაღალრისკიანად არის შეფასებული. სარისკო კომპანიების ჯამური ფინანსური დავალიანება მშპ-ს 12 პროცენტს (4,5 მილიარდი ლარი) უტოლდება.

მონაცემთა დაჯამებით გამოდის, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ზარალმა 3 მილიარდ ლარს გადაჭარბა. ამავე პერიოდში ფინანსური ვალდებულებები გაიზარდა 2,9 მილიარდი ლარით. ასევე, 1,2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ამ საწარმოების ხარჯი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებისთვის გადარიცხული თანხა 1,4 მილიარდ ლარს უტოლდება.

სახელმწიფო კომპანიების ზარალიანობის მაჩვენებელი ბოლო 7 წელიწადში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2013 წელი - 38 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი - 71 მილიონი ლარი;
  • 2015 წელი - 795 მილიონი ლარი;
  • 2016 წელი - 271 მილიონი ლარი;
  • 2017 წელი - 691 მილიონი ლარი;
  • 2018 წელი - 815 მილიონი ლარი;
  • 2019 წელი - 380 მილიონი ლარი;

სახელმწიფო საწარმოებში და შვილობილ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასს აღემატება. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები ზარალიანობის გარდა გამოირჩევიან ამ კომპანიის ხელმძღვანელ პირთა ანაზღაურების სიდიდით. რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის მმართველები ამავდროულად მთავრობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერები არიან.

მაგალითად, 2015 წლიდან დღემდე, დავით საგანელიძის ანაზღაურებამ ჯამურად 1,3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ორი წლის განმავლობაში მხოლოდ რკინიგზის დირექტორის, დავით ფერაძის ხელფასმა კი − 350 000 ლარს.

ჩავარდნილი საყოველთაო ჯანდაცვა

ფოტო: ipress.ge

2013 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ წამოიწყო ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, რომლის მიზანიც იყო ჯანდაცვაზე მოსახლეობის წვდომის გაზრდა. სპეციალურად ამ მიზნით დაარსდა სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო ჯანდაცვის დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა. წლების განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნეოდა.

უნდა ითქვას, რომ რეფორმის შედეგად მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ წლების განმავლობაში ამით უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა. ამ დადებითი ეფექტის მიუხედავად, სისტემის ამოქმედებამ ჯანდაცვის ისედაც პრობლემურ სფეროში უამრავი ახლი სირთულე წარმოქმნა.

საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების პირველივე დღიდან, 2013 წლის პირველი ივლისიდან, პროგრამა გადასახადის გადამხდელებისთვის იმ ძირგახვრეტილ ჭურჭლად იქცა, რომელიც ბოლომდე ვერასდროს შეივსო. პროგრამის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთანავე, უკლებლივ ყოველი წლის ბოლოს საჭირო იყო თანხის დამატება. როგორც წესი, პროგრამის ბიუჯეტი მესამე კვარტალში იწურებოდა.

რეფორმა იმთავითვე მოკლებული იყო ხარჯების სათანადო აღრიცხვას და ამ ხარჯების ეფექტიანობის მონიტორინგს. დაინერგა ეგრეთ წოდებული „ერთი შემსყიდველის პრინციპი“, რომლითაც კლინიკებსა და პაციენტებს შორის ერთადერთი გამტარად სახელმწიფო დარჩა. სფეროდან თითქმის სრულად განიდევნა კერძო დაზღვევა, რომელიც იმ დროისთვის ჯანდაცვაში ფეხის მოკიდებას ცდილობდა.

მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო არ ყიდულობდა სამედიცინო მომსახურებას სადაზღვევო კომპანიისგან, იგი პირდაპირ შემხებლობაში სამედიცინო დაწესებულებასთან. აქ იქმნებოდა ერთგვარი კოლიზია. სახელმწიფო თავად ყიდულობდა სერვისს და დავების შემთხვევაში ამავდროულად არბიტრის ფუნქციასაც ითავსებდა. სისტემის ფარგლებში წარმოიშვა მრავალმილიონიანი სასამართლო დავები სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის.

პროგრამის არასათანადო მიზნობრიობამ მისი ხარჯები არარეალურად გაზარდა. შეიქმნა სამედიცინო მომსახურების ჭარბი მოთხოვნა და ამის ფონზე გაიზარდა მომსახურების ფასები. ამავდროულად, პროგრამა არ იყო ორიენტირებული პრევენციაზე, ე.წ. პირველად ჯანდაცვაზე და აქცენტს, ძირითადად, უკვე დასმულ დიაგნოზზე აკეთებდა. ეს ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ძვირთან ერთად არაეფექტიანიცაა.

პროგრამის ფარგლებში სათანადო სიზუსტით არ იყო გაწერილი ხარჯების მიზნიობრიობა და არ წარმოებდა ხარჯების ზუსტი აღრიცხვა, რამაც წარმოქმნა ჭარბი მოთხოვნა მედიკამენტებზე. ხდებოდა ცალკეული სამედიცინო დაწესებულებების სუბსიდირება. მოცემული ფაქტორების შედეგად გაჩნდა ტარიფებისა და ფასების ზრდის ძლიერი სტიმული.

ცხადია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ფასებზეც. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მომენტიდან დღემდე რიგ მედიკამენტებზე ფასი 65-70%-ით არის გაზრდილი. პროგრამის გაზრდილი ხარჯების დაფარვა ძირითადად სოციალური დახმარებებისა და გადასახდელების შემცირების ხარჯზე ხდებოდა.

ამგვარად, 2013-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვაზე ქვეყანამ 4 მილიარდზე მეტი დახარჯა, სამინისტროს თავდაპირველ გეგმასთან შედარებით სხვაობა დაახლოებით 400 მილიონი ლარია.

ხარჯები წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2013 წელი — 70 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი — 338 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 200 მილიონი;
  • 2015 წელი — 573 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 470 მილიონი;
  • 2016 წელი — 623 მილიონი ლარი. თავდაპირველი გეგმა — 570 მილიონი;
  • 2017 წელი — 700 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 660 მილიონი;
  • 2018 წელი — 760 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 713 მილიონი;
  • 2019 წელი — 765 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 754 მილიონი;

ყოველწლიურად მზარდი ხარჯების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამის რეფორმირება დაიწყო და საბოლოოდ, გასული წლის ნოემბერში მიიღო ე.წ. 520-ე დადგენილება, რომელიც კლინიკებს ერთიან სატარიფო გეგმას უწესებს. ამას რეფორმას ძნელად თუ ვუწოდებთ. მიღებული ცვლილებით მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ ყველა კლინიკას ერთიანი სატარიფო გეგმა დაუწესა. ეს ნიშნავს, რომ კლინიკების და მათ მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხის განურჩევლად, ერთი და იგივე სამედიცინო მანიპულაციაზე მთავრობა იმავე ფასს გადაიხდის.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ფაქტობრივად ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დადგენილება ქმნის მნიშვნელოვან რისკებს, მკურნალობის ხარისხის გაუარესების, კლინიკების გაკოტრებისა და გეგმური ოპერაციების შეჩერების თვალსაზრისით. ერთი სიტყვით, დადგენილებამ, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ჯანმრთელობის დაცვის არსებულ სისტემას საქართველოში.

გაჩერებული პროექტები და პრობლემები დიდ ბიზნესთან

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წელი

ქართული ოცნების მმართველობის წლებში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იყო დაგეგმილი, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამ დრომდე არ განხორციელებულა. ქართული ოცნების დაპირებებს შორის ერთ-ერთი იყო ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

მართალია ფორმალურად ოცნების მმართველობის პერიოდში მოცულობით უფრო მეტი გზა დაიგო [198 კმ], ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს [68 კმ], თუმცა პროექტი დასრულება ვერ მოხერხდა და დასრულების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია. მსხვილი კორუფციული სკანდალის გამო ვერ განხორციელდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი და პროექტის დასრულების ვადამ 2024 წლამდე გადაიწია, არადა გეგმის მიხედვით ეს მონაკვეთი ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გახსნილიყო.

ასევე, ოცნების მმართველობის წლებში ვერ განხორციელდა საუკუნის პროექტად მიჩნეული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც. ახალი პორტის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი 2016 წელს მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებულმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოიგო. პროექტს განცხადებების დონეზე, მხარს უჭერდნენ თანამდებობის უმაღლესი პირები, თუმცა სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა. ადგილზე სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდს ემთხვევა, ხოლო მისი გადადგომის შემდეგ პროექტი პრაქტიკულად ჩიხში შევიდა.

სახელმწიფომ არ გასცა ფინანსური გარანტიები ახალი პორტის ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აუცილებელი წინაპირობა იყო პროექტის დასაფინანსებლად. აქედან რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარეობდა. საქმემ რომელსაც არც დაზარალებული ჰყავდა და არც მომჩივანი, კითხვები გააჩინა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითაც.

ამ პერიოდიდან მოყოლებული პროექტის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პორტის მშენებლობას ხელი ვერ შეუწყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებამაც. მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანდა პორტის [ანაკლიის] მშენებლობას.

უკვე 2019 წლის თებერვალში ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკიდან ხაზარაძის და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული TBC ბანკის აქციების ჯამური ღირებულება თითქმის 100 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა. ლონდონის ბირჟაზე განთავსებულმა ქართულმა კომპანიებმა დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი ლარი იზარალეს 2019 წლის ივლისში, მაშინ პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობასთან ერთად პორტის პროექტიდან გავიდა ამერიკული Conti ჯგუფი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი იყო.

საბოლოოდ კონსორციუმთან ხელშეკრულება სახელმწიფომ 2020 წლის დასაწყისში გაწყვიტა. სხვადასხვა თანამდებობის პირებმა მას შემდეგ მრავალჯერ თქვეს, რომ პორტის პროექტი აუცილებლად დასრულდებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგაც ახალი ტენდერი გამოცხადებული არ არის. კონსორციუმმა სახელმწიფოს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრა. სახელმწიფომ დავისთვის იურისტები 319 000 დოლარად დაიქირავა.

ქართული ოცნებამ, ასევე, უარი თქვა თბილისის შემოვლეთი რკინიგზის პროექტზე, რის შედეგადაც დაიკარგა ათეულობით მილიონი ლარი. კვლავ უფუნქციოდაა მარაბდა-კარწახის რკინიგზა, რომელიც რამდენიმე წლის წინ უნდა ამუშვებულიყო.

მსხვილ ბიზნესს პრობლემები შეექმნა მიმდინარე წელსაც. კერძოდ, საუბარია საქართველოს უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერზე კავკასუს, რომელსაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სპეცმმართველი 2 ოქტომბერს დაუნიშნა. უნდა ითქვას, რომ კომისიას სპეცმმართველის დანიშვნის უფლება არ ჰქონდა და ამისთვის სპეციალური კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

საქმე 2019 წელს კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილის გასხვისებას ეხება, რომელიც საერთაშორისო მსხვილმა კომპანია NEQSOL Holding-მა შეიძინა. კომისიის ცნობით, კავკასუსმა წინასწარ არ შეათანხმა მათთან ბენეფიციარი/მესაკუთრის ცვლილება და გარიგების შებრუნება მოითხოვა. ამ დროის განმავლობაში კომისიამ რამდენჯერმე ასობით ათასი ლარით დააჯარიმა კავკასუს ონლაინი, თუმცა კომპანიამ გარიგების შებრუნებაზე უარი განაცხადა.

გარიგებით, კავკასუს ონლაინის ინფრასტრუქტურა ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ქსელის ნაწილი უნდა გამხდარიყო, რაც საქართველოს კავკასიის ინტერნეტჰაბად აქცევდა. საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ამ პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელი გახადა. მთავრობის მოქმედებები ექსპროპრიაციად შეაფასეს NEQSOl-ში და განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებენ.

გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ცხოვრება

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევის, ცხოვრების დონის ზრდისა და მოქალაქეებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის დაპირებით მოვიდა. თუმცა, ოცნების 8-წლიანი მმართველობის თავზე ამ მიმართულებითაც ძირითადად კეთილდღეობის ზრდის ტემპის შემცირება იკვეთება.

2012 წელს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველს საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდების გადახედვას, პენსიის 220-230 ლარამდე გაზრდას და საპენსიო ასაკის დაწევას ჰპირდებოდნენ. ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დაადგენდნენ საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს და პენსია არ იქნებოდა საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ეს დაპირება, „ოცნებას“ პირველ 4 წელიწადში უნდა შეესრულებინა, თუმცა, თუ რიცხვებს კარგად დავუკვირდებით, სინამდვილეში ის დღესაც არ შესრულებულა.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი იყო. 2020 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარს შეადგენს. შესაბამისად, პენსია ნომინალურად 76%-ით და 100%-ით არის გაზრდილი.

თუმცა პენსიის თუ სხვა შემოსავლის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, სამომხმარებლო ფასების ზრდა, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი. დროთა განმავლობაში ინფლაციის გამო ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება, პირობითად 1 ლარით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი.

შესაბამისად, უნდა ვნახოთ რეალური პენსია. დღევანდელი პენსია 2012 წლის ფასებში 168 ლარს შეადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელი 220 ლარით იმდენივე პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი, რამდენსაც 2012 წელს 168 ლარად შეიძენდით. 2012 წელთან შედარებით, მინიმალური პენსია რეალურად დაახლოებით 53%-ით არის გაზრდილი.

„ოცნების“ წარმომადგენლები სხვა პროგრამებზეც ლაპარაკობენ, რომლებმაც, მათი თქმით, პენსიონერების მდგომარეობა შეამსუბუქა და ასეთად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიუთითებენ. საქმე ის არის, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამით პენსიონერები, საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამდეც სარგებლობდნენ. 2014 წლიდან პენსიონერები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაზღვევის არსებული პაკეტებით შეუერთდნენ. შესაბამისად, მტკიცება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ პენსიონერების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა, უადგილოა.

პენსიონერებისა და მოსახლეობის სხვა ჯგუფების ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა გაზრდილმა ინფლაციამ და, რაც მთავარია, ფასების ზრდამ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, 2012 წლის მაისთან შედარებით, მიმდინარე წლის მაისში სურსათზე ფასების 49.7%-ით გაიზარდა. ამგვარად გამოდის, რომ სწორედ ამდენით გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები ქართული ოცნების 8-წლიან მონაკვეთში. უნდა ითქვას, რომ ფასების ზრდა აღნიშნულ პროდუქტებზე ინფლაციის ზოგად მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მოსახლეობაზე ძალიან მტკივნეულად აისახება, განსაკუთრებით კი - მოსახლეობის შედარებით გაჭირვებულ ფენაზე.

ინფლაციის გარდა, ასევე, აღსანიშნავია ის ნაბიჯები, რომლითაც მთავრობამ სხვადასხვა სახის პროდუქცია მიზანმიმართულად გააძვირა. ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური თავისუფლების აქტი სახელმწიფოს ახალი საყოველთაო გადასახადის დაწესებისთვის რეფერენდუმის ჩატარებას ავალდებულებს. ამ პირობებში მთავრობისთვის ახალი თანხების მობილიზაციის ყველაზე მოქნილი და რეალურ გზა კი სააქციზო გადასახადის გაზრდაა.

ბიუჯეტის შევსების მიზნით ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ გააძვირა აქციზის ღირებულება. 2017 წლიდან სახელმწიფო აქციზის ღირებულება გაიზარდა სააქციზო პროდუქციის თითქმის ყველა სახეობაზე, თამბაქოს ნაწარმისა და საწვავის ჩათვლით. აქციზის ფასის მომატებით გაიზარდა შესაბამისი პროდუქტის ღირებულებაც. ნავთობპროდუქტზე აქციზების ფასის ზრდამ დაახლოებით 20-25 თეთრით გააძვირა ყველა სახის საწვავი.

2014- 2018 წლამდე პერიოდში სააქციზო გადასახადი ქვეყანაში ხუთჯერ გაიზარდა. სააქციზო გადასახადის გაზრდის პროცესი ამით არ დასრულებულა. ფასი გაიზარდა 2018 წელსაც, ცვლილებები კი 2019 წლიდან ამოქმედდა.

ოფიციალურად თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადის გაზრდის მთავარ მოტივატორად მოწევის მავნე ჩვევასთან ბრძოლა დასახელდა. ფასის ზრდით ფილტრიანი სიგარეტის რაოდენობის მოხმარება შემცირდა, თუმცა გაიზარდა უფილტრო სიგარეტებზე მოთხოვნა.

2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და ნავთობის ფასის ვარდნის პარალელურად ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.

ბოლო ორ წელიწადში შემცირებული ინვესტიციების ფონზე ლარმა გაუფასურების ათეულობით რეკორდი დაამყარა. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 95%-ით არის გაუფასურებელი, ხოლო ევროსთა მიმართებით გაუფასურება 77%-ს შეადგენს. შედარებისთვის 2012 წლის პირველ ოქტომბერს საშუალო გაცვლითი კურსი 1 დოლარზე 1,66 ლარს უტოლდებოდა, ხოლო ბოლო მონაცემებით 3.23 ლარს შეადგენს. 

მხოლოდ მიმდინარე წელს ლარის სტაბილურობისთვის ეროვნულმა ბანკმა 650 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც ლარის კურსი ძალიან უმნიშვნელოდ გაამყარა. 

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2012 წელთან შედარებით 2019 წელს უმუშევრობა ქვეყანაში 17.2%-დან 11.6%-მდე შემცირდა, თუმცა სტატისტიკის მეთოდოლოგიის გამო ეს რიცხვები არაფერს გვეუბნება რეალურ სურათზე. უფრო ზუსტი იქნება თუ კი დასაქმების მაჩვენებელს დავაკვირდებით. ამ მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით დასაქმება 54.3%-დან 55.7%-მდე გაიზარდა. ამგვარად 2012 წელთან შედარებით 2019 წელს დასაქმებულთა მაჩვენებელი მხოლოდ 30 000-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულებს ამ მიმართულებით 2012 წელთან შედარებით ზრდა 130 000-ია, აქედან კი 13 000 საჯარო სექტორზე მოდის. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებს იგი 27%-ით არის გაზრდილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან მოყოლებული რეალური დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. საუბარია დაახლოებით 45 000 ადამიანზე, რომელთაც 2016-2019 წლებში სამუშაო დაკარგეს.

უნდა ითქვას, რომ დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა პანდემიის დაწყების შემდეგ. ამ დროის განმავლობაში უმუშევრობის 200 ლარიანი ყოველთვიური კომპენსაციით 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა დაქირავებით დასაქმებულმა მოქალაქემ დაკარგა შემოსავალი. 

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელს 2019 წლის სექტემბერთან შედარებით მიმდინარე წლის სექტემბერში მაჩვენებელი 5%-ით არის შემცირებული და 1%-ით არის გაზრდილი თვითდასაქმებულთა რაოდენობა. 

იმას, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა ქართული ოცნების მართვის პერიოდში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა ადასტურებს სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვიც. ეს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენაა, რომელიც პრაქტიკულად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მიდმინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, ასეთი ადამიანიების რიცხვი 502 258-ია, რაც მოსახლეობის 13.5%-ს შეადგენს. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი მოსახლეობის 10%-ს უტოლდებოდა, რაც 456 563 მოქალაქეს შეადგენდა.

ქართული ოცნება და წინა ხელისუფლებები - როგორ იზრდებოდა ეკონომიკა

 

იმის შესადარებლად თუ რა ეკონომიკური მემკვიდრეობა დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ მშპ-ს წლიური საშუალო ზრდის მონაცემები უნდა შედარდეს.

მაგალითად, 1995-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6,2%-ით იზრდებოდა.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს 2004-2012 წლებში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6,5%-ით იზრდებოდა.

ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლების დროს, თუ კი 2020 წელს ეკონომიკის ნავარაუდევ 5%-იან კლებას გავითვალისწინებით ეკონომიკური ზრდის წლიური საშუალო ტემპი 2.3%-ს გაუტოლდება.

სხვადასხვა ეკონომიკური ასპექტის გამო ამგვარი შედარები შეიძლება კორექტული არ იყოს. ძირითადად საუბარი ე.წ. საბაზისო ეფექტზე, რაც იმას გულისხმობს, რომ 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის გამო ეკონომიკური ზრდა 2012 წლამდე პერიოდში უფრო მარტივი მისაღწევი იყო. ამის მიუხედავად მოცემული მონაცემები მთავარ ტრენდს მაინც უტყუარად აჩვენებს.

მსგავსი ვითარებაა იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ხელისუფლებების ეკონომიკურ მემკვიდრეობას უფრო ზუსტი საზომით შევადარებთ. თუ, მაჩვენებლებს ერთმანეთთან ლარში გამოხატულ ჯამურ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებულ მშპ-თი შევადარებთ, ქართული ოცნება მაინც ყველაზე წარუმატებელი იქნება.

მაგალითად:

1995-2003 წლები: მშპ - 10,9 მილიარდი ლარიდან - 17.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა - 63%;

2004-2012 წლები: მშპ - 17.8 მილიარდი ლარიდან 30.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა -70.7%;

2012-2020 წლები: მშპ - 30.4 მილიარდი ლარიდან 38.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა 25.9% [წლევანდელი 5%-იანი კლების გათვალისწინებით]

მსგავსი სურათი გვექნება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით:

1995-2003 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 2 317 ლარიდან 4 488 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 93%;

2004-2012 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 4 488 ლარიდან 8140 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 81%;

2012-2020 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 8 140 ლარიდან 10 358 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 27% [წლევანდელი 5%-იანი კლების გათვალისწინებით];

ამგვარად გამოდის, რომ ქართული ოცნება ეკონომიკურად დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე წარუმატებელი ხელისუფლებაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები