არჩევნები 2020

ბოკერია: ჩვენი ინფორმაციით, "ოცნება" 2 ნოემბრიდან ქვეყნის სრულ ჩაკეტვას გეგმავს

ტაბულა

ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას ცნობით, პარტიაში აქვთ ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება 2 ნოემბრიდან ქვეყნის სრულ ჩაკეტვას კვლავ გეგმავს. ამის შესახებ ბოკერიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის წინ "ფორის შექმნას" აპირებს, რადგან  მათ იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. გიგა ბოკერია "ოცნებისა" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მიიღონ დებატებში მონაწილეობა და გამართონ სერიოზული დისკუსია ამ საკითხზე.

"ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოქდაუნის გამოცხადებას. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის, დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა". – ამბობს გიგა ბოკერია.

თუმცა, დღემდე ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის სრულ ჩაკეტვას აღარ აპირებენ, რადგან ამას საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. "ოცნებაში" სრული ე.წ. ლოკდაუნის ნაცვლად წერტილოვან შეზღუდვებზე საუბრობენ.

მაგალითად, ქვეყანაში მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. ასევე, ქვეყნის 4 სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მთავრობამ "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა გარე სივრცეებში პირბადის ტარების.

საქართველოში 2020წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები