არჩევნები 2020

მოვდივართ გაანალიზებული შეცდომებით – ენმ–ძალა ერთობაშია შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

"გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მოდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებითა და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით" – ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძემ თავისუფლების მოედანზე ამომრჩეველს ენმ-ძალა ერთობაშიას შემაჯამებელ აქციაზე.

"სიღნაღიდან აქ რომ მოვდიოდი, საყვარელმა ჩვენმა ქალბატონებმა, ჩვენმა პარტიის წევრებმა, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამაჩერეს და მითხრეს, ბატონო გრიგოლ, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ტრიბუნიდან, რომ არცერთი საჯარო მოხელე, არც ერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის, ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს.

ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტიანული მოვალეობა. ზუსტად ასე გავაკეთებთ და იმას,  ვინც ჩვენს სამშობლოს რვა წელი სისხლი წოვა, ვის უძირო ჯიბეებშიც დაილექა ბიუჯეტის ფული, ვინც ჩვენს შვილებს მომავალი მოჰპარა, ქართველი ხალხის რისხვა და მორალური გაკიცხვა დაატყდებათ თავზე. 

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – ამ ლამაზ ქვეყანას, რომელიც უფალმა გვაჩუქა, უზარმაზარი მომავალი ელოდება". – თქვა გრიგოლ ვაშაძემ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები