ავტოსაგზაო შემთხვევა გორში

პრეზიდენტი: მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარ ავტოავარიაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ". - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე. 

გუშინ, გვიან ღამით, გორთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიკროავტობუსით ენმ-ძალა ერთობაშიას აქციაზე მყოფი ადამიანები თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ.

სამართალდამცველებმა ტრაილერის მძღოლი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები