არჩევნები 2020

კობახიძე: პროვოკაციები იქნება ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდში, გლდანში

"კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ არჩევნების დღეს პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში" - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "პროვოკაციების ორგანიზების კუთხით", დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე.

"ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.

მოვუწოდებთ ყველას, ხვალ, არჩევნების დღეს, უზრუნველყონ კენჭისყრის კანონის სრული დაცვით, მშვიდ ვითარებაში წარმართვა, შექმნან სათანადო გარემო ჩვენი მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების თავისუფალ გარემოში რეალიზებისათვის. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა" - განაცხადა კობახიძემ.

სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნება რამდენიმე დღეა ყოველდღიურ ბრიფინგებს მართავს და აცხადებს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" არჩევნების დღეს "დესტრუქციულ ქმედებებს" აპირებს.

კომენტარები