არჩევნები 2020

კაპანაძე: ოცნების კომისიის წევრები ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ ამომრჩეველმა 2 ვერ შემოხაზოს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ქართული ოცნების კომისიის წევრები ან დამკვირვებლები საარჩევნო ურნებთან ისე დგანან, რომ დაინახონ, რა ნომერია შემოხაზული ბიულეტენზე. 

"დილიდან უკვე ჩანს საკმაოდ სერიოზული დარღვევები და მინდა, რამდენიმე ასეთ დარღვევას გამოვეხმაურო. ორი მასშტაბური პრობლემა გამოიკვეთა, პირველი, ეს არის საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როცა კონკრეტული წარმომადგენლები ან ქართული ოცნების კომისიის წევრები ან დამკვირვებლები დგანან ისე უბნებზე ურნებთან, რომ დაინახონ, როგორ არის შემოხაზული ესა თუ ის ბიულეტენი და ჩვენი წარმომადგენლები უკლებლივ ყველა ასეთ შემთხვევაზე წერენ საჩივარს. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, რომ ესეთი პრაქტიკა აღკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემა ექნება ამ არჩევნების ლეგიტიმურობას". - ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, ვაკის 54-ე უბანთან და გურჯაანის 31-ე უბანთან ქართული ოცნების კომისიის წევრები ამომრჩეველს ბიულეტენს ისე აძლევენ, რომ 2-იანი მოხეული იყოს.

"ვაკის 54-ე უბანი და გურჯაანის 31-ე უბანთან ვხედავთ ესეთ პრაქტიკას, ქართული ოცნების კომისიის წევრები, როცა ბიულეტენს აძლევენ ამომრჩეველს, ისე ახევენ, რომ მასზე 2 ნომერი არის მოჭრილი ანუ პრაქტიკულად, ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტენს 2 ნომრის გარეშე. ამომრჩეველს უკარგავენ საშუალებას, რომ 2 ნომერი შემოხაზონ". 

მან მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დღეს ის დღეა, როცა საზოგადოება წყვეტს, რა მიმართულებით წავა ქვეყანა. 

"საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ამ არჩევნებზე წყდება რეალურად ქვეყნის ბედი და მინდა მოვუწოდო ყველა ამომრჩეველს, რომელსაც მობეზრდა ივანიშვილის ამ ჭაობში ყოფნა და რომელსაც მობეზრდა ერთ ადგილას დგომა და უკუსვლა, დღეს არის ის შანსი, როცა ჩვენ ერთად ვწყვეტთ როგორი მიმართულებით წავა ქვეყანა". - ამბობს კაპანაძე. 

ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები