არჩევნები 2020

ცესკოს განმარტება ოქმებზე, სადაც ხელმოწერები მიცემულ ხმებსა და ბათილ ბიულეტენებს აღემატება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი სანტურიანი განმარტებას აკეთებს პანდემიის რისკჯგუფის ამომრჩევლებისთვის შექმნილ უბნებთან და იმ ოქმებთან დაკავშირებით, სადაც ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა კანდიდატებისათვის მიცემული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს აღემატებოდა:

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სულ შეიქმნა 127 უბანი და აღნიშნულ 127 საარჩევნო უბანზე 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესი. ზოგიერთ უბანთან დაკავშირებით, ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთები დაილუქა და უბანზე დათვლის გარეშე გადაეცა დასათვლელად და შემდგომი რეაგირებისათვის ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებს. შესაბამისად, აღნიშნული უბნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არ არის ასახული დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთების მონაცემები და შემდგომში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აისახება შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავდროულად, ზოგიერთ შემთხვევებში, ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა აღემატება ბათილი ბიულეტენებისა და სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობის ჯამს, რაც, ბუნებრივია, რადგანაც სპეციალურ უბნებზე რიგი ამომრჩევლის შემთხვევებში, ამომრჩეველს არ ჰქონდა, გარდა პროპორციულისა მაჟორიტარული ან სხვა წესით ხმის მიცემის უფლება. შესაბამისად, მეტი სიცხადისთვის გვინდა განვმარტოთ, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა საბოლოო ჯამში იქნება დაცული". – თქვა მან.

კომენტარები