ფიზიკური ძალადობა გორგი რურუაზე

პენიტენციური: ციხეში გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დღეს, 2 ნოემბერს, გიორგი რურუა ადვოკატთან ვიზიტის მიზნით საკნიდან გამოიყვანეს. დაახლოებით, 15:25 სთ-ზე, პირველი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში იმყოფებოდა და ტელეფონით სარგებლობდა. მომხდარის შედეგად, გიორგი რურუას სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

"აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
მომხდართან დაკავშირებით, დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში და დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა". – წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაპირველად, გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

კომენტარები