არჩევნები 2020

ცესკო: ოქმებში დისბალანსსა და ხარვეზებზე მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება

"ოქმებზე არსებულ დისბალანსსა და ხარვეზებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირები მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ, რისი მიზანიც არის საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა". - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მტკიცებით, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი, შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო მათ შორის "ობიექტური გარემოებებით".

"რიგ შემთხვევაში პროპორციულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმებში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისადმი მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის, ცესკოს მიერ მიმდინარეობს წინასწარი მონაცემების დამუშავება და დაზუსტება. ასევე ისახება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები, რაც აღმოფხვრის უზუსტობებს.

თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა - შესწორებულია.

საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების შესწორება, ასევე, ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. შესწორების ოქმს დაესმება კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი მონაცემიც შესწორდა". - აცხადებს ცესკო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, "სამწუხაროდ, სხვადასხვა პირი მიზანმიმართულად, შეგნებულად აქვეყნებს შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოთაღნიშნული ობიექტური საფუძვლით, ხოლო არსებობის შემთხვევაში არ აქვეყნებს შესწორების ოქმს ან კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებას. ამის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა".

ცესკოს განცხადებით, უზუსტობები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციაში შესულია საჩივრები, კანონის შესაბამისად განიხილება.

"ყველა კონკრეტულ საკითხზე, საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება და გადაწყვეტილება". - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ISFED-ის შეფასებით, ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაციის ცნობით, შედეგებზე შესაძლო გავლენა, დაახლოებით, 4%-ია. ISFED-ი წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი - 48.15%.

კომენტარები