კორონავირუსი საქართველოში

ღია სივრცეში პირბადე სავალდებულო ხდება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ნოემბრიდან, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა. 

აქამდე ღია სივრცეში პირბადის ტარება მხოლოდ "მკაცრი რეკომენდაცია" იყო. 

"ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ტარება იყოს სავალდებულო არამხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებშიც. ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალაქეებს ინფიცირებისგან და ამასთან ერთად დაავადების გავრცელებისგან, ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება და ამიტომ, მოდით, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე". – თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცეპრემიერმინისტრის განმარტებით, ღია სივრცეებში პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთივე სანქციები, როგორიც მოქმედებს დახურულ სივრცეებში, რაც გულისხმობს 20-ლარიან ჯარიმას. 

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ. აქამდე ეს წესი მხოლოდ თბილისსა და აჭარის მუნიციპალიტეტზე მოქმედებდა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 20 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი. 

3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები