არჩევნები 2020

ჟვანია: ქსნის ციხის შედეგი გაუქმებულია, მცხეთის ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ქსნის ციხეში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა და შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს.

ამის შესახებ ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. 

"ამ ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება. იქ არასწორად იყო ბიულეტენები გადაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს, გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური". – აცხადებს ჟვანია.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა კერესელიძეს, წინასწარი შედეგებით, 50,1% აქვს ხოლო ენმ– ძალა ერთობაშიას კანდიდატმა ცეზარი ჩოჩელმა წინასწარი შედეგებით 33,42% მიიღო.

კომენტარები