კორონავირუსი საქართველოში

"ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა" – რაზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო

შსს

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, საბჭო მსჯელობს, რა დამატებითი შეზღუდვების დაწესებაა შესაძლებელი ვირუსის გავრცელების შესანელებლად და მობილობის შესამცირებლად. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ღონისძიება, მაგალითად:

  • საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა;
  • უქმე დღეებში ან კვირის რომელიმე კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებაში, როგორც ტრანსპორტის გაჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრის, სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრის მუშაობის შეჩერება;

"ეს არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიებები, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, როცა ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში" - ამბობს ცქიტიშვილი და აღნიშნავს, რომ შეზღუდვების დაწესება-არდაწესება, მისი ხარისხი და გავრცელების მასშტაბი დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქეზე.

"დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოვიქცევით ჩვენ, როგორ მოვიქცევით დადგენილი წესების დასაცავად, რამდენად აქტიურად და სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად ზედმიწევნით შევასრულებთ ყველა ამ რეგულაციას. ეს პასუხისმგებლობა აკისრია არამხოლოდ თითოეულ მოქალაქეს და დამსაქმებელს, არამედ პოლიტიკურ პარტიებს" - ამბობს ვიცეპრემიერი და აქციების ყველა მონაწილეს მოუწოდებს, გამოიყენოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.

"არავის აუკრძალავს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მოდი, გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, დავიცვათ მოქალაქეების უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა" - თქვა ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერმა ასევე მოუწოდა საჯარო და კერძო სექტორს, თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 და გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი. 

5 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები