არჩევნები 2020

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებების განხილვა

KCCT

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, განაგრძონ საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებების სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით განხილვა, რაც უმნიშვნელოვანესია საზოგადოების მიერ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის პროცესში

"მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად". – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, რომ 8 ნოემბრის შეკრება პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განხორციელდეს.

"საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ, განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას". – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

კომენტარები