აქცია ცესკოსთან

მდინარაძე: როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძეს დაუსვეს შეკითხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ შეკრებილთა წინააღმდეგ გაუფრთხილებლად წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე. მდინარაძემ თქვა, რომ ცდილობდნენ ცესკოში შეჭრას და წყლის ჭავლი ამის აღსაკვეთად გამოიყენეს:

"როგორც იურისტმაც შემიძლია, გიპასუხოთ რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ცესკოს შენობაში შეჭრას. ვნახეთ რამდენიმე ტელევიზიის ეთერში კადრები, როდესაც ისინი ღობეს ანგრევენ, ამ ღობეზე ფეხით დახტიან და ქვებს ესვრიან პოლიციელებს. ასეთ დროს მსოფლიოში, ვერცერთ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი."

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. აქციის დაწყებამდე ცესკოსთან შეკრებილი პირების წინააღმდეგ გაუფრთხილებლად წყლის ჭავლი გამოიყენეს. მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

გაუფრთხილებლად წყლის ჭავლის გამოყენებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროპორციული ძალის გამოყენება უწოდა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ეს კანონმდებლობის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

კომენტარები