ე.წ. მთიანი ყარაბაღი: შუშაზე კონტროლი დავკარგეთ, მტერი დედაქალაქის მისადგომებთანაა

ქალაქი შუშა (შუში), მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 28 ოქტომბერი
Reuters

ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ აღიარა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქ შუშაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვაგრამ პოღოსიანი. 

"დღეს გვიწევს იმ სამწუხარო უიღბლობის აღიარება, რომელიც ჯერ კიდევ თან გვსდევს - ქალაქ შუშაზე კონტროლი სრულად დავკარგეთ". – წერია პოღოსიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

ქალაქ შუშის აღების შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ გუშინ განაცხადა, თუმცა ინფორმაცია უარყო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, უწყებაში აცხადებდნენ, რომ ქალაქში ბრძოლები კვლავაც გრძელდება. 

ქალაქი შუშა რეგიონის სიდიდით მეორე და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია, რომელიც რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან 11 კილომეტრით არის დაშორებული. 

არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენელი, ასევე, ამბობს, რომ აზერბაიჯანული არმია უკვე დედაქალაქის მისადგომებთან არის მობილიზებული. "მტერი უკვე დედაქალაქის მისადგომებთან დგას, საფრთხეშია დედაქალაქის არსებობა. თუკი გვინდა, რომ დავიბრუნოთ შუშა და შევინარჩუნოთ არცახი [ყარაბაღის სომხური დასახელება] საჭიროა საიმედო თავდაცვითი ხაზისთვის სრული ძალისხმევა. სწორედ ეს არის რეალური და საიმედო წარმატებით წინაპირობა". – წერს ვაგრამ პოღოსიანი. 

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

კომენტარები