არჩევნები 2020

ლომჯარია: მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის აკრძალვისთვის არაკონსტიტუციურია

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინო ღონისძიებების მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა, შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციისა და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან". – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დააკავეს.

კომენტარები