კორონავირუსი საქართველოში

მლნ მოსახლეზე ინფიცირებით საქართველომ იტალიას, შვედეთს, პოლონეთს, გერმანიას გადაუსწრო

Shutterstock

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იმატებს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ ჯერჯერობით, სიტუაცია მართვადია და მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით "კარგ პოზიციებს" ვინარჩუნებთ, თუმცა, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო ინფიცირებისა და ლეტალური მაჩვენებლებით წინა რიგებში ინაცვლებს. 

11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით (16 697) მსოფლიოში 219 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზეა. საქართველომ უკვე გაუსწრო იტალიას (16 473), პოლონეთს (16 357), შვედეთს (16 028), რუსეთს (12 586), ირანს (12 463), ბელარუსს (11 574), უკრაინას 11,225), გერმანიას (8 432), ბალტიისპირეთის ქვეყნებს და სხვ.

რაც შეეხება მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობას, ოფიციალური მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 75-ე ადგილზეა (142 გარდაცვლილი). სიკვდილიანობის იგივე მაჩვენებელი აქვს გერმანიას. თურქეთში მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით 131 ადამიანი გარდაიცვალა, ბელარუსში 108, აზერბაიჯანში 85, საბერძნეთში 83.

11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსის 16 158 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

კომენტარები