არჩევნები 2020

ჯაფარიძე ვაშაძეზე: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?

ტაბულა

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ეხმაურება.  

ვაშაძემ გუშინ, 11 ნოემბერს, თქვა, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა." 

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი 2-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?

P.S. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი 2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული. ის ლიდერი კი - საჯაროდ ჯვარცმული." - წერს ჯაფარიძე. 

გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა და სწორედ ამას მოჰყვა მისი განცხადებები, რომლითაც პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა. 

"ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის, დიპლომატიური წარმომადგენლების, მეთაურების ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ". – აცხადებს ვაშაძე. 

10 ნოემბერს, დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები