არჩევნები 2020

ხოშტარია ვაშაძეზე: არ შეიძლება, ასეთი რამ ისროლო და მერე გაჩუმდე, უნდა ახსნას

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე. 

გრიგოლ ვაშაძემ 11 ნოემბერს თქვა, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა". 

როგორც ელენე ხოშტარია ტაბულასთან საუბარში ამბობს, სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძემ აირჩია ურთიერთობის საჯარო ბრალდებების ფორმა და მისთვის ძალიან გაუგებარია, რა არის ამის საფუძველი. 

"ძალიან სერიოზულ რამეს ამბობს, რომ თურმე რაღაც მზადდებოდა და ჩაიშალა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეს და განმარტოს, რა მზადდებოდა და რა ჩაიშალა. მომზადების შესახებაც უნდა ყოფილიყო ოპოზიციისთვის ცნობილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის მოლაპარაკება მზადდება, რა თემებზე, რამდენად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ჩამოყალიბებულია ოპოზიციაში. და მეორე, თუ ჩაიშალა, ვინ ჩაშალა? ესეც ძალიან სერიოზული საკითხია. 

საზოგადოებაში დამაბნეველი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არ უნდა გადიოდეს ოპოზიციიდან". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, რა მოლაპარაკებები მზადდებოდა, ოპოზიციის ლიდერი გვპასუხობს, რომ "აბსოლუტურად არაფერი" არ არის მისთვის ცნობილი. როგორც ელენე ხოშტარია განმარტავს, ელჩებთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, თუმცა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ რაღაც "კონკრეტული მზადდებოდა და ჩაიშალა". 

ელენე ხოშტარიას შეფასებით, როდესაც ასეთ რამეს ამბობ, ვალდებული ხარ, რომ ხალხმა იცოდეს, რაშია საქმე და არ შეიძლება, რომ ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში ჩააყენო, მითუმეტეს, უცნობი ფაქტებით. 

"წარმოდგენა არ მაქვს, მისი მოტივაცია რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ დაბნეულობა შემოიტანა და პასუხისმგებელია ამაზე. არ შეიძლება რაღაც ისროლო და მერე გაჩუმდე, უნდა აიხსნას, რაზე ლაპარაკობს, რატომ ლაპარაკობს და ძალიან მნიშვნელოვანია, დაისვას ეს კითხვები". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

10 ნოემბერს, დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა: "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები