აშშ-საქართველო

აშშ: სამართლიანი არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა ვიზიტის დეტალებსა და გეგმებზე ისაუბრეს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით ერთგულნი, დავეხმაროთ საქართველოს, გაიღრმაოს თავისი ევროატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება, დაახლოებით 16 საპარლამენტო მანდატისთვის. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქათველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია". – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირი.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისას მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და მთავარი მესიჯი იქნება, რომ არჩევნები გაყალბებულია.

კომენტარები