არჩევნები 2020

მდუმარე პროტესტი, ცოცხალი ჯაჭვი, აქცია ერთპარტიული პარლამენტის შეკრებისას – ოპოზიციის გეგმა

ტაბულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს ოპოზიცია გამართავს მდუმარე აქციას „გაყალბებულია“. ასევე, პარლამენტის ერთპარტიული შეკრების დროს, საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრანტები შეიკრიბებიან. - თქვა ოპოზიციის გეგმების შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ.

"ხშირად გვსაყვედურობენ, რა არის ჩვენი გეგმა. ჩვენი გეგმა არის გამძლეობა, მაგრამ უფრო კონკრეტულ გეგმასაც გეტყვით.

იცით, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ჩვენ ყველანი მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს. ჩვენ ვანახებთ მთელ მსოფლიოს, იმიტომ, რომ ამ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება საქართველოსკენ.

ვანახებთ ჩვენს მდუმარე პროტესტს. დავაფენთ სტიკერებს, სადაც ეწერება "გაყალბებულია" და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე მთელი ცენტრალური პროსპექტები, მოფენილი იქნება ამ სტიკერებით, დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ.

ხშირად ამბობენ, იმასთან არ დავდგები, ამასთან არ დავდგები, ორი მეტრი იქნება თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია, შეიძლება გვერდზე ისეთი მეზობელი ან ისეთი პარტია იყოს, რომელიც არ გიყვარს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გამოდი, თუ თვლი, რომ გაყალბებულია, მნიშვნელობა არ აქვს, გვერდზე ვინ დგას, იმიტომ, რომ ისიც თვლის, რომ გაყალბებულია, იმასაც უნდა თავისუფალი არჩევნები, ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა, ისიც გრძნობს, რომ თავისუფალი არჩევნების გარეშე არ იქნება არც წინსვლა, არც გამარჯვება, არც კეთილდღეობა და არც მშვიდობა.

გვერდზე აღარ უნდა ვიყუროთ, ერთი გეზი გვაქვს და უნდა ვიყუროთ წინ. ეს აქცია იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, არ შევეგუებით სიყალბეს და არასდროს დავუჩოქებთ ოლიგარქს" - თქვა გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ცნობით, ოპოზიციის შემდეგი აქცია "თვითგამოცხადებული მეორე ტურის დღეს", 21 ნოემბერს გაიმართება. დემონსტრანტები "ცოცხალ ჯაჭვს" გააკეთებენ.

ასევე, ოპოზიციის გეგმაა, ერთპარტიული პარლამენტის შეკრებისას, "ყველანი, ქუდზე კაცი შევიკრიბებით აქ და მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, ჩვენს სხეულზე გადაბიჯება, იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და "გაუპრავონ" ივანიშვილს ის, რაც მას არ მიუღია ქართველი ხალხისთვის, ის, რაც მას არ ეკუთვნის".

კომენტარები