არჩევნები 2020

"სააკაშვილი ან გაჩუმდეს, ან ჩამოვიდეს" – კამათი ბარამიძესა და სხვა ოპოზიციურ ლიდერებს შორის

TV პირველი

TV პირველის ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძესა და ოპოზიციური პარტიების წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა ალეკო ელისაშვილის მიერ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ნათქვამ სიტყვებს, "სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს".

"[სააკაშვილი] ჩამოვიდეს ან თავი დაგვანებოს [...] ჩემთვის შენთან [მიმართავს გიორგი ბარამიძეს] დგომა არის ძალიან დიდი დისკომფორტი, უბრალოდ სხვა მიზანია დიდი და იმიტომ ვდგავარ. ნუ გვირევთ ამ ყველაფერს. თუ აქვს შნო, ჩამოვიდეს...". – თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

"მიშას რომ აქვს შნო, ნეტა იმის ნახევარი და მეასედი ჰქონდეს ვინმეს. ალეკომ თქვა, მიშამ დაგვანებოს თავიო. იმ ადამიანებმაც დაგანებონ თავი დღეს რომ ტაშს უკრავდა თქვენ უმეტესობას?" – პასუხობს ბარამიძე

დაპირისპირებაში ასევე ჩაერია ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიაც. ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანია, თუ გარისკავს და ჩამოვა. 

"რაში გინდა ერთიანობა, რომ მიშა უნდა იდგეს ყველაფერზე წინ? ყოველდღე ეთერში ზის და მოგვმართავს, დამიძახეთ, რომ ჩამოვიდეო, ჩვენ როგორ შემოგვაქვს ეს თემა? ასჯერ ვუთხარით, რომ, რაც უნდა, ის ქნას. დევნილად მიმაჩნია, თუ უნდა, გარისკოს და ჩამოვიდეს როგორც სხვებმა გარისკეს, ან გაჩუმდეს, ან ჩამოვიდეს. [...] თემა შემოგაქვს, რომელზეც ერთიანობა არ არის". – თქვა ბოკერიამ. 

ეთერში ასევე იმყოფებოდა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძეც. ბურჯანაძემ საპროტესო აქციებში სააკაშვილის ჩარევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ოპოზიციაში ბზარი არ გაუჩენია. 

​"მიშა სააკაშვილს, შენგან განსხვავებით, ეყო ჭკუა და იმ მიტინგზე, რომელზეც იყო უზარმაზარი ეკრანი და ნამდვილად იყო ძალიან ბევრი მისი მომხრეც იქ, რომელიც ტაშით შეხვდებოდა მიშა სააკაშვილის გამოჩენას. ეყო სააკაშვილს შენგან განსხვავებით ჭკუა და იმ ეკრანზე არ გამოჩენილიყო და, საერთოდ, არ მიემართა სიტყვით. არ გააჩინა ბზარი". – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს, 14 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ენმ-ის მხარდაჭერთა ნაწილი იდგა ტრაფარეტით, რომელზეც ეწერა "მიშა ჩამოდი", რასაც სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

"გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ" – ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს გუშინ, 13 ნოემბერს ვიდეომიმართვისას. 

კომენტარები