არჩევნები 2020

დეკანოიძე: ვეთანხმები ყველას, ვისაც ოცნების ამომრჩევლისთვის სირცხვილის დერეფანი არ მოსწონს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ისნის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს, რომ სრულად ეთანხმება ყველას, ვისაც, თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის სირცხვილის დერეფნები არ მოსწონს. დეკანოიძე ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლებს პირიქით უნდა ესაუბრონ, რადგან არჩევნები მათაც მოპარეს.

"სრულიად ვეთანხმები ყველას, ვისაც, თუნდაც ოცნების ამომრჩევლისთვის (იდეაც რომ იყოს) სირცხვილის დერეფნები არ მოსწონს.

სირცხვილის დერეფნები გაკეთებული ჰქონდათ ე.წ კრიმინალურ ელემენტებს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ყველას იწერდნენ, ატერორებდნენ...

ჩვენ ამ არჩევნების მეორე ტურში არ გავდივართ. ოცნების კანდიდატებს გადაწყვეტილი აქვთ ისევ შეაწუხონ ხალხი, იძალადონ, მიიყვანონ.

მეორე ტურები არ არსებობს – ეს უნდა გავითავისოთ!!!

ოცნების ამომრჩეველს კი უნდა ვესაუბროთ ბევრი, რომ არჩევნები მათაც მოპარეს და რატომ არის ბიძინა დიდი კატასტროფა ქვეყნისთვის". – წერს დეკანოიძე. 

15 ნოემბერს ბათუმში გამართული აქციის დროს ენმ-ს ადგილობრივმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაწერა, რომ ის პირადად სირცხვილის დერეფნების მოწყობაში მონაწილეობას არ მიიღებს და რომ მას ხალხთან არ აქვს პრობლემა.

იდეას ასევე ეხმაურება ენმ-ის ლიდერი, სალომე სამადაშვილიც. სამადაშვილი წერს – "მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ".

კომენტარები