არჩევნები 2020

მელია: ოფისი კობიაშვილ -კალაძესთან დაახლოებული კანონიერი ქურდის დავალებით გადაწვეს

ტაბულა

"რევანშისტულმა მოძალადე ხელისუფლებამ დღეს გადაწვა შტაბი". – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გლდანში მისი ოფისის დაწვას და აცხადებს, რომ დანაშაულის ჩამდენ პირებზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს.  

"დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა. ჩემი უტყუარი ინფორმაციით, ეს გახლავთ კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი კანონიერი ქურდი, ნოდა შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას აქვს წვდომა სატელეფონო საშუალებით ყოველდღიურად გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან და მისი ოჯახის წევრის, ძმის, სუსთან მჭიდრო კავშირში მყოფის, ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში, ყველაფერზე და ყველაზე". – ამბობს მელია.  

გლდანში უცნობმა პირებმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ნიკა მელიას ოფისის დაწვა სცადეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ჩამსხვრეულია ოფისის შუშა, ასევე დამწვარია ავეჯი. შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მისულებს შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი და დაზიანებული ოფისი დახვდათ. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები