არჩევნები 2020

კობახიძე: თეორიულად, პარლამენტს შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მმართველი გუნდი პარლამენტში მარტო არ დარჩება. კობახიძის თქმით, უმრავლესობის გადასაწყვეტია, ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს. 

"ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში [ოცნება 4 წელი არ დარჩება მარტო პარლამენტში], ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ერთგვარი შანტაჟის ფორმაა, როდესაც ოპოზიცია ამბობს... ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ოპოზიციამ წააგოს არჩევნები, თქვას, რომ არ შევდივარ, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს. კონსტიტუცია ჭკვიანი ხალხის მიერ არის დაწერილი. ამაში იგულისხმება, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია, ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს. ანუ, შესაბამისად, შეიძლება მარტივად პარლამენტმა გააკეთოს ის, რომ მოლაპარაკების სივრცე გახსნას შემდგომი 4 წლითაც კი. ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი შანტაჟის წინააღმდეგ" - თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მტკიცებით, პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს.

"თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ, ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია, კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს არის თეორიული მსჯელობა.

"პრაქტიკული მსჯელობა კი ის არის, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები, რათა პარტიები შემოვიდნენ პარლამენტში" - თქვა მან. 

რეგლამენტის მიხედვით პარლამენტი ვალდებულია, დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. 

კომენტარები