კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პროგნოზით, დეკემბრის პირველ კვირაში ინფიცირება და სიკვდილიანობა მოიმატებს

ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის დათვლით, "დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება როგორც ინფიცირების, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით". ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა.

"გვიკეთებს პროგნოზირებას, რომ სადღაც დეკემბრის პირველ კვირაში უფრო გვექნება შემთხვევათა ზრდა. პირდაპირ არის მითითებული - თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ შეზღუდვები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს". – ამბობს გამყრელიძე.

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მტკიცებით, როგორც ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის, ისე კიდევ "რამდენიმე დიდი ინსტიტუციის" პროგნოზით, "საქართველომ აუცილებელია გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით".

"დღესაც ბევრი მსჯელობა იყო, ხვალაც გაგრძელდება და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას". – თქვა გამყრელიძემ.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები