ახალი კორონავირუსი საქართველოში

საშობაოდ მართლმადიდებლებისთვის შეზღუდვები მოხსნეს, სხვა ქრისტიანებისთვის – არა

ტაბულა

საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას. 

"გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება დროს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით და არა ქალაქების მასშტაბით.

[...] კიდევ ერთხელ მინდა ეს ბლოკებად და ეტაპობრივად გითხრათ - 28 ნოემბრიდან 24-დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს - ყველას ერთად საშუალებას, რომ ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები ხოლო შემდგომ უკვე ისევ ვუბრუნდები შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე". – თქვა გიორგი გახარია.

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

28 ნოემბრიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე პირების გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, იკრძალება.

კომენტარები