ახალი კორონავირუსი საქართველოში

კაპანაძე: ქამრების შემოჭერა დაიწყოს პირველ რიგში მთავრობამ, საჯარო სამსახურმა, ბიუროკრატიამ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და კერძო სექტორში დაიკარგება ათიათასობით სამუშაო ადგილი, ხელისუფლებამ უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი.

სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა როდენობის შემცირება, რადგან როგორც კაპანაძემ განაცხადა, რეალურად ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ პარტიულ აქტივს და არ ქმნიან რაიმე დოვლათს.

"ზოგადად, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ურტყამს კერძო ბიზნესს და რომელიც გვემუქრება იმით, რომ კერძო სექტორში დაიკარგება ათობით ათასი სამუშაო ადგილი, ანუ დაზარალდება კერძო სექტორი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი.

ბუნებრივია, რა ოდენობით განისაზღვრება ხელფასი, ეს სხვა დისკუსიის საგანია, მაგრამ მაშინ, როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა, ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ზოგადად ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა პრობლემა, რა თქმა უნდა, ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს, პირველ რიგში, თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ.

ეს განსაკუთრებით გამართლებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, პარტიული აქტივი, დასაქმებულია სიპ-ებსა და აიპ-ებში, სწორედ იქ უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, მათ შორის ხელფასების შემცირება, მათ შორის დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება, იმ უბრალო მიზეიზს გამო, რომ ის ადამიანები იქ დოვლათს არ ქმნიან და რეალურად დასაქმებულებიც არ არიან, უბრალოდ იღებენ ჩვენი გადასახადებიდან აკრეფილ ფულს". – ამბობს სერგი კაპანაძე.

დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავლენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

კომენტარები