საქართველო-რუსეთი

პარლამენტთან პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

პარლამენტთან, სადაც აქტივისტები და ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკებებს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა. ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ორივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.

ტაბულა ამ დრომდე ცდილობს ფაქტის გადამოწმებას და დაკავების მიზეზის დადგენას . 

"ნათია ლეთოდიანი, რომელიც ეხლა დააკავეს, არის იმ კაცის შვილი, რომელსაც 20 ივნისს თვალი ამოსთხარეს. მეორე თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა. ყოჩაღ, მონებო!". – წერს ელენე ხოშტარია. 

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან აქტივისტებმა და ელენე ხოშტარიამ ნამგალი და ურო დახატეს. ამით მათ გააპროტესტეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ეხებოდა ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრისას "დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს."

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნეს შემდეგი:

"იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს, ორმხრივი ურთიერთოებების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ".

განცხადების სრულიად ნახვა შეგიძლიათ აქ.

კომენტარები