სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

"კვების ობიექტების 80% მუშაობას შეწყვეტს" — სტუმარ-მასპინძლობის სექტორის 5 მოთხოვნა გახარიას

საქართველოს მთავრობა

საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორი ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან პრესკონფერენციას მართავს. რესტორნების, კაფე-ბარებისა და კვების დაწესებულებების წარმომადგენლები ინდუსტრიის გადასარჩენად შემუშავებულ გეგმაზე იმსჯელებენ და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 5 მოთხოვნით მიმართავენ. 

საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული მოთხოვნებია: 

  1. სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორთვიანი პერიოდის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის კომპენსაცია 50%-ით.
  2. სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოკდაუნის ორთვიან პერიოდში - ნულპროცენტიანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად.
  3. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი.
  4. დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე.
  5. ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტების პროგნოზით, მუშაობას ვეღარ გააგრძელებს საქართველოში არსებული კვების ობიექტების 80%, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არასახარბიელო მდგომარეობას შექმნის ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით". - წერს საინიციატივო ჯგუფი.

კომენტარები