არჩევნები 2020

ბაქრაძე: ელჩებს ოპოზიციის ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადავეცით

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ, ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მათ ელჩებს ოპოზიციის ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადასცეს. მისივე თქმით, ლიდერების თხოვნა იყო ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და იმავეს ელიან მმართველი პარტიისგანაც.

"დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალური გაწერილი დოკუმენტური ფორმით. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს.

ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ როგორც ფასილიტატორებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ დოკუმენტირებულ პასუხს ქართული ოცნებისგან". – თქვა დავით ბაქრაძემ.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები