არჩევნები 2020

ბოკერია: საოლქო, სასამართლო, ყველა გზა ვცადეთ, დადასტურდა, რომ ინსტიტუტები არ არსებობს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე საუბრისას ამბობს, რომ "რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის სწორედ ის განსხვავებაა, რომ იქ მუშტს არავინ გიბრახუნებს და არაფრის აღიარებას არ გთხოვს". 

როგორც გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში საუბრისას თქვა, დასავლელი პარტნიორები ქვეყნის დახმარებას ცდილობენ ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რაც ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიას დაეხმარება. 

"ოღონდ ამ საკითხში, პირველი და მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ქართველ ხალხს და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას. ყველა ჩვენი მეგობარი არის ჩვენი ხალხის დამხმარე ამის შემდეგ. 

ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივი, ლოგიკური და ნორმალურიც კი არის ის, რომ მათ პირველი ინსტინქტი ჰქონდეთ, რომ იქნებ გამოვიდეს და არსებული ინსტიტუტებით განიმუხტოს ვითარება". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ოპოზიციურმა ლიდერმა ამის მაგალითად ის ასობით საჩივარი მოიყვანა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა და ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად შეიტანეს. 

"ყველა ეს გზა ვცადეთ, საოლქო კომისიებში, სასამართლოში, მერე ცესკოში, მერე ისევ სასამართლოში, სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ეს ინსტიტუტები არ არსებობს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური ლიდერები კიდევ ერთხელ შეხვდნენ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თქვეს, მათ წერილობით გადასცეს ელჩებს თავიანთი მოთხოვნები, ახლა კი ხელისუფლების პოზიციას ელოდებიან – ასევე წერილობითი ფორმით. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები