არჩევნები 2020

ვაშაძე: ხვალ გვექნება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხვალ, 10 დეკემბერს, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს და საბოლოდ გადაწყდება, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესში. ამის შესახებ ვაშაძემ ლელოს ოფისში, ოპოზიციის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დიპლომატებს ელოდება. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის დღევანდელმა განცხადებებმა "ფონი დაამძიმა". 

ის აღნიშნავს, რომ კობახიძის შემოთავაზებებზე მსჯელობა არ ყოფილა, რადგან "იმდენი სხვა საკითხი იყო ამ განცხადებაში წამოწეული, რომ ვერ მივედით ამ შემოთავაზებამდე, ეს არის მთავარი პრობლემა".

"ყველა პროცედურა დღეს ვნახეთ, ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, იმ პროცესს შევუერთდებით, რაც არის, თუმცა, თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად". – ამბობს ვაშაძე.  

ირაკლი კობახიძემ, დღეს "ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა. კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.8% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა.

ამავე ბრიფინგზე, კობახიძემ თქვა, რომ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატებს ვერ მიიღებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერების "ამბოხის სცენარს".

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. დღეს, ან ხვალ კი მოლაპარაკებების ბოლო რაუდნია დაგეგმილი.

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.
______________________________________________________________________________________

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები