არჩევნები 2020

ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. 

ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე. 

ოპოზიციის თქმით, ისინი გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. 

საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები განცხადებას ავრცელებენ. 

"პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენ მიერ
წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები.

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმებით მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას". - წერია განცხადებაში. 

საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამთ რესპუბლიკურ პარტიას და მოქალაქეებს. როგორც რესპუბლიკელები ამბობენ, მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ფასილიტატორების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულდება. 

 

საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. არცერთი ოპოზიციური პარტია დარბაზში არ შესულა. მმართველი გუნდის დეპუტატი კი პროტესტისა და საბჭოთა ჰიმნის ფონზე შევიდნენ შენობაში. 

კომენტარები