არჩევნები 2020

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები გამოითხოვა

ევროპული საქართველო

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიები არ გამოუთხოვიათ პარტია მოქალაქეებს, გირჩსა და პუტინისტურ პატრიოტთა ალიანსს. გირჩის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ ელჩებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.

ცესკოდან სიების გამოთხოვა და ანულირება გულისხმობს იმ ადამიანების სიის ჩახსნას, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარტიის საარჩევნო სიის პარლამენტში შემავალ ნაწილში. მათ, ვინც საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, ერთი კვირის ვადაში ინდივიდუალური განცხადებები უნდა წარადგინონ პარლამენტში.

"ჩვენ, აბსოლუტურად ყველამ, ვინც გასული ვიყავით ცესკოს ამ მონაცემებით პარლამენტში, ყველამ დავწერეთ უკვე განცხადებები, უბრალოდ, ამ განცხადებებს თარიღი დაესმება, როდესაც ის შევა პარლამენტში, რადგან დღეს, მგონი, ჩვენ არ შეგვეძლო მისი ოფიციალურად შეტანა. თუ არ ვცდები, 17-ია თარიღი, როდესაც ჩვენ უნდა წარვადგინოთ ეს განცხადებები პარლამენტში და 17-ში აბსოლუტურად ყველა განცხადება იქნება წარდგენილი პარლამენტში. ეს უკვე დაწერილია და დევს პარტიებში ყველა დეპუტატის განცხადება". – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

კომენტარები