არჩევნები 2020

ხვიჩია: ვუშვებ, რომ მანდატებზე განცხადებები უკან გამოითხოვონ

იაგო ხვიჩია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ უშვებს, ოპოზიციის იმ წევრებმა, ვინც მანდატებზე უარი თქვა, განცხადებები უკან გამოითხოვონ. 

"თუ უკან არ გამოითხოვს ისევ ის ხალხი, ვინც შეიტანა და იცით, რომ ერთ კვირაში ამის ვადა არსებობს. როცა დაკმაყოფილდება და დადგება ფაქტი, რომ ქვეყანაში პარლამენტში 113 დეპუტატი არ არის ჩვენი ჩათვლით, ჩვენ იქ არ შევალთ. 

მე ყველაფერს ვუშვებ, მით უმეტეს, როდესაც მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს პარალელურად. თეორიულად, ყველაფერს ვუშვებ. მეორე საკითხია, რეალურად რისი იმედი მაქვს". - ამბობს იაგო ხვიჩია ტაბულასთან საუბარში. 

როგორც ხვიჩია ამბობს, გირჩი მანდატებზე უარს იტყვის მაშინ, "როცა ყველანი გავიგებთ", რომ საკანონმდებლო ორგანოში 113 დეპუტატი არ არის და, მისივე თქმით, "ჩათვალეთ, რომ ჩვენი პირობა ავტომატურად დადგება ძალაში". 

გუშინ, 16 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა. საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართა ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს ყველა წევრმა, რომელიც პარლამენტში შედიოდა. მანდატებზე, ჯერჯერობით, უარი არ უთქვამთ მოქალაქეებს, გირჩსა და პატრიოტთა ალიანსს. ოპოზიციური პარტიებიდან 60-დან 50 დეპუტატი ამბობს პარლამენტში შესვლაზე უარს, შესაბამისად, ამ მონაცემებით, პარლამენტში 113 დეპუტატი არ იქნება. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. 

კომენტარები