Moderna-ს ვაქცინა აშშ-ში გამოსაყენებლად დაამტკიცეს

აშშ-ში უკვე ნებადართულია ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება. ამის შესახებ ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა. 

ვაქცინის ავტორიზაცია წინა დღით დაადასტურა აშშ-ს საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების სააგენტომ. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ვაქცინის სასარგებლო ეფექტები ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე შესაძლო გართულებები.

კომპანიის მონაცემებით, მათი ვაქცინის ეფექტიანობა 94%-ია, მძიმე შემთხვევებისას პრეპარატის ეფექტიანობა 100%-საც აღწევს. ვაქცინის კლინიკურ კვლევებში 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. 

Moderna-ს ვაქცინა უკვე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში გამოსაყენებლად დაუშვეს. ცოტა ხნით ადრე, რეგულატორმა ავტორიზაცია მისცა გერმანულ-ამერიკული Biontech-Pfizer-ის ვაქცინას. 

დონალდ ტრამპმა ვაქცინააციის დაწყების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადა, მისი თქმით, ვაქცინას პირველ რიგში მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები მიიღებენ, მათ შორის, მისი ადმინისტრაციის წევრებიც. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, ვიცეპრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა. ვაქცინა ამერიკელებისთვის უფასო იქნება. 

Moderna_ს ვაქცინა, ორი დოზისგან შედგება და მეორე დოზა პაციენტმა პირველიდან 28 დღის შემდეგ უნდა მიიღოს. აქამდე არსებულ სხვა ვაქცინებთან შედარებით Moderna-ს ვაქცინა ყველაზე მარტივი შესანახი და ტრანსპორტირებადია. ეს ვაქცინა -20 გრადუს ცელსიუსზე 6 თვის განმავლობაში უპრებლემოდ ინახება. 

პანდემიის დაწყების მომენტიდან აშშ-ში ახალი კორონავირუსის 17.2 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 310 000 პაციენტი. როგორც ცნობილია, აშშ-ში უკვე შეიძინეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონი დოზა.

კომენტარები