ბერძნული კრიზისი: ევროზონა გამოწვევის წინაშე

მონეტარულ კავშირში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 16 ერთიანდება. ევრო ერთმანეთისგან განსხვავებული ფისკალური პოლიტიკის ქვეყნებზე ვრცელდება.
საბერძნეთის ვალი ევროზონის 3.9%-ია. საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად, იგი 54 მილიარდ ევროს სესხულობს. შესაძლო გაკოტრების რისკი ობლიგაციების მაღალ საპროცენტო განაკვეთებში აისახება.
ევროკავშირი საბერძნეთისთვის ფულის პირდაპირ მიცემისგან თავს იკავებს. შარშან საბერძნეთს ევროკავშირის ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდი საბიუჯეტო დეფიციტი ჰქონდა - მშპ-ს 12.7%. მაასტრიხტის ხელშეკრულების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ევროკავშირი საბერძნეთისგან მოითხოვს, რომ დეფიციტი მაასტრიხტის ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ვადას 2012 წლამდე აძლევს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი, რაც დეფიციტის 8.7%-მდე შემცირებას გულისხმობს, წელს უნდა გადაიდგას.
შარშან, 2005 წლის შემდეგ პირველად, მაასტრიხტის ხელშეკრულების ნორმა გერმანიამაც დაარღვია - 3.3%-იანი დეფიციტით. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ფინანსური ლოკომოტივი - გერმანია, არ ჩქარობს საბერძნეთისთვის ფულის გამოყოფას. არსებობს საფრთხე, რომ საბერძნეთის პრეცედენტი რამდენიმე ქვეყანაში გამეორდება: პორტუგალიის, ირლანდიის, იტალიისა და ესპანეთის ჯამური ვალი 36%-ს შეადგენს.
ევროზონაში ჯამური საბიუჯეტო დეფიციტი წელს მშპ-ს 6.4% იქნება, მომავალ წელს კი - 6.9%, ანუ დადგენილ ზღვარზე თითქმის 2-ჯერ მეტი.
შარშან გამოაშკარავდა საბერძნეთის წინა მთავრობის შავი ბუღალტერია. მათ მიერ ჩამოყალიბებული სტატისტიკა არ აჩვენებდა საბიუჯეტო დეფიციტის რეალურ ოდენობას. ეს არ ყოფილა სტატისტიკის გაყალბების პირველი შემთხვევა საბერძნეთში.
ევროკომისიამ დაასკვნა, რომ საბერძნეთი არაფერს აკეთებს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და ევროკავშირის მოთხოვნების იგნორირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი დისციპლინურ პროცედურებს მიმართავს. შემდგომი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საბერძნეთი დაჯარიმდება.
მდგომარეობის გამოსასწორებლად საბერძნეთისთვის რამდენიმე გზა არსებობს:
• დათანხმდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებას, რომელსაც ამ დრომდე არ თანხმდება.
• გაზარდოს გადასახადები. პირდაპირი გადასახადები საბერძნეთის მშპ-ს 20%-ს შეადგენს მაშინ, როცა ევროკავშირის საშუალო 26%-ია. ამ გზით საბერძნეთი ყოველწლიურად 16 მილიარდს მოიგებს, მაგრამ გაზრდილი გადასახადები უარყოფითად აისახება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსსა და ბიზნესის კეთების სიმარტივეზე, რაც ინვესტორების რიცხვს შეამცირებს.
• უფრო ეფექტურად შეაგროვოს გადასახადები. კვლევების მიხედვით, საბერძნეთში, გადასახადების გადამხდელთა 1/3 საკუთარ შემოსავლებს არ აღრიცხავს.
• რეალური ბრძოლა გამოუცხადოს კორუფციას. კორუფციის დონით საბერძნეთი ევროკავშირში მეხუთე ადგილზეა. ხალხი ქრთამს fakelaki-დ მოიხსენიებს, რაც, ბერძნულად, საფოსტო კონვერტს ნიშნავს და საჯარო სექტორში სასწრაფო დახმარებასავით გამოიყენება.
• შეკვეცოს საჯარო მოხელეთა რიცხვი. ათი ბერძნიდან ერთი საჯარო სექტორშია დასაქმებული. საჯარო მოხელეთა რიცხვი მილიონს აღწევს. მათი ხელფასები ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საბერძნეთის მოსახლეობამ, სახელმწიფო ხარჯების შემცირების გამო, მთავრობას ომი გამოუცხადა. პროფკავშირების მიერ ინიცირებულ გაფიცვაში 5 მილიონამდე ადამიანი ჩაერთო. ქვეყანა-ში შეწყდა ავიამიმოსვლა, ადმინისტრაციული ტრანსპორტი პარალიზებულია.
გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა ემიგრანტებისთვის სამუშაოს ჩამორთმევაა.
იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთის შრომითი ბაზრის 3% ქართველ ემიგრანტებს უჭირავთ, მათთვის სამუშაო უფლების შეზღუდვა პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.
ბერძნულმა კრიზისმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა. თუმცა ყველაზე სახიფათო მაინც ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც შეიძლება საბერძნეთის გაკოტრებით დაიწყოს.



 

კომენტარები