რელიგია

საეკლესიო კალენდრის რეფორმა

0 კომენტარი

1923 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კალენდრული აღრიცხვის შესახებ დადგენილება მიიღო. ტექსტი პატიმრობაში მყოფი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის მითითებით შეიქმნა:
“შემოღებულ იქმნეს ამა წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები, წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წ. ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალის სტილით.”
ამ დადგენილებით საკათალიკოსო საბჭომ გაიზიარა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბასილი მესამის წერილი პატრიარქ ამბროსისადმი. წერილში ბასილი მესამე საქართველოს ეკლესიას თხოვდა, მიებაძა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის და ახალ სტილზე გადასულიყო.
1927 წელს ახალ კალენდარზე გადასვლა წმინდა სინოდმაც დაადასტურა. კრება კატეგორიულად მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება ყველა სასულიერო პირსა და ერისკაცს „მტკიცედ და უცვლელად” უნდა შეესრულებინა.
იმავე წელს საქართველოს ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქის მეორე წერილის გათვალისწინებით, მოძრავი დღესასწაულები კვლავ იულიანური კალენდრით აღნიშნა. შობა და სხვა უძრავი დღესასწაულები კვლავინდებურად ახალი სტილით უნდა აღნიშნულიყო. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, ქართულმა ეკლესიამ გადაწყვეტილებების განხორციელება ვერ მოახერხა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელ, დეკანოზ კორნელი კეკელიძის აზრით, ძველ ტრადიციებს შეჩვეული მორწმუნეები ერთბაშად ვერ შეძლებდნენ ახალი სტილის შეთვისებას, თუმცა შენიშნავდა, რომ რეფორმებთან შესაგუებლად მიზანმიმართული მუშაობა იყო საჭირო.
მორწმუნეთა განწყობას ასახავს დეკანოზ გიორგი ნასყიდაშვილის წერილი საქართველოს ეკლესიის დროებითი თავმჯდომარის, ქრისტეფორესადმი. როგორც წერილიდან ირკვევა, ნასყიდაშვილს აღშფოთებულმა მორწმუნეებმა განუცხადეს, რომ დიდ საეკლესიო დღესასწაულებს კვლავ ძველი სტილით იზეიმებდნენ.
1928 წლისთვის მრევლი ორად გაიყო — ერთი ნაწილისთვის კალენდრული რეფორმა მისაღები იყო, მეორისთვის კი, არა. ზოგი მორწმუნე მიიჩნევდა, რომ რეფორმა საბჭოთა ხელისუფლების დავალებით ხორციელდებოდა. ეპისკოპოსი ქრისტეფორე ივანე ჯავახიშვილისადმი წერილში აღნიშნავს, რომ მას რუსეთის ეკლესიის მომხრეობას აბრალებენ, სინამდვილეში კი რუსეთის ეკლესია ახალ კალენდარზე არ გადასულა. კრებას მოუწია, მიბრუნებოდა აღნიშნულ საკითხს და 28 სექტემბერს გადაწყვიტა, საქართველოს ეკლესია ძველ, იულიანურ კალენდარზე დაებრუნებინა, მიზეზად კი მორწმუნეთა „შეუგნებლობა და მოუმზადებლობა” დაასახელა.
მიღებული გადაწყვეტილება ეკლესიის ერთიანობის დაცვასაც ემსახურებოდა, რუსეთის ეკლესია, რომელიც იმ დროისთვის არც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებდა და არც ახალ სტილზე გადასულა, ადვილად შეძლებდა უკმაყოფილო მრევლის საკუთარ იურისდიქციაში მოქცევას, რაც ტრაგიკული შედეგი იქნებოდა საქართველოს ავტოკეფალიისთვის.
ხსენებული ფაქტები მეტყველებს, რომ ახალი სტილის კალენდარი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არ წარმოადგენდა „ანტიეკლესიურ” და “მწვალებლურ” მოვლენას და რომ არჩევანი ახალ და ძველ კალენდრებს შორის არადოგმატური საკითხია.
დღესდღეობით ახალი სტილით, ანუ გრეგორიანული კალენდრით, უძრავ დღესასწაულებს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები აღნიშნავენ. ძველი სტილის ერთგული, დღევანდელ საქართველოს ეკლესიასთან ერთად, მხოლოდ რუსეთის, სერბეთისა და იერუსალიმის ეკლესიები დარჩა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები