ვალიდოლის დაბრუნება

მომავალი კვირიდან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი” ფართო მოხმარების მედიკამენტების სახელებს სასაქონლო ნიშნებად აღარ დაარეგისტრირებს. ასეთი მედიკამენტების სიას ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ადგენს. ფართო მოხმარების წამლების სიაში უკვე შეტანილია 30-ზე მეტი სახელწოდება, რომელთა შორისაა „ვალიდოლი”, სასაქონლო ნიშნების რეესტრის მიერ წარსულში რეგისტრირებული წამლების ნაწილისთვის „საქპატენტი” რეგისტრაციის გაუქმებას სასამართლოს გზით შეეცდება.
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, რომ არსებული სიტუაცია ადგილობრივ მწარმოებლებსა და მომხმარებლებს თანაბრად აზარალებს. მწარმოებლებს ცნობილი მედიკამენტების იდენტური წამლებისთვის ახალი სახელების გამოყენება უწევთ. მაგალითად, „ვალიდოლის” ანალოგს საქართველოში „გულიდოლის“ ნიშნით აწარმოებენ. ფართო მოხმარების მედიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშე ყიდულობენ, ახალი სახელები კი მომხმარებლებს წამლის ცნობას ურთულებს.
„ვალიდოლის” რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება სასამართლომ უკვე მიიღო. თუმცა, გადაწყვეტილება წამლის იმპორტიორმა უკრაინულმა კომპანია „ფარმაკმა” გაასაჩივრა. “ფარმაკის” პატენტრწმუნებული შალვა გვარამაძე ამბობს, რომ საკითხი ერთი ხელის მოსმით არ გადაიჭრება, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები. მისივე თქმით, უკრაინელებმა შეძლეს იმის დადასტურება, რომ სახელწოდება “ვალიდოლი” პირველად მათ გამოიყენეს. შედეგად, კომპანიამ ბრენდის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და სწორედ ეს გახდა საქართველოს სასაქონლო ნიშნების რეესტრში წამლის დარეგისტრირების საფუძველი.
გვარამაძის თქმით, მიმდინარე სასამართლო პროცესზე „ფარმაკის“ წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი იყო კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 96%-მა არ იცის, ვინ აწარმოებს „ვალიდოლს“. მაგრამ მისი აზრით, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არც სხვა სასაქონლო ნიშნების მფლობელთა ვინაობაა ცნობილი. „ვალიდოლის“ გვაროვნულ სახელად გადაქცევისთვის, საჭირო იყო მოსახლეობას ეს სახელი რამდენიმე განსხვავებული შემადგენლობის პრეპარატისთვის ეწოდებინა, რაც არ მომხდარა.
საქართველოში „ფარმაკმა“ სასაქონლო ნიშნები სასამართლოს გზით 2004 წელს დაარეგისტრირა. უკრაინელებმა 10 წლით, 2014-მდე, მოიპოვეს მონოპოლია „ვალიდოლისა“ და „კორვალოლის“ გავრცელებაზე. თუმცა, მაშინ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო არ ჩარეულა. ამჯერად კი რეგისტრაციების გაუქმების გეგმა სამინისტროსთან ერთად შემუშავდა.
„საქპატენტის“ წარმომადგენელი მერაბ კვიმსაძე იხსენებს, რომ 90-იან წლებში ერთ-ერთ კომპანიას უარი ეთქვა საქართველოში “ანალგინისა” და „ციტრამონის” დარეგისტრირებაზე. მისი აზრით, თუ ფართო მოხმარების სხვა წამლებსაც მრავალი კომპანია აწარმოებს, ფასების კლებას უნდა ველოდეთ. ამავე აზრს იზიარებენ „ჯი-პი-სი”-სა და „ავერსი”-ში. „ჯი-პი-სი”-ს გენერალური დირექტორის, დავით კილაძის თქმით, სასაქონლო ნიშნების გაუქმება „აუცილებლად შეამცირებს მონოპოლიზაციას ფარმაცევტულ ბაზარზე”, რაც ფასებზეც აისახება.
გვარამაძის თქმით, წამლების სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებამ, ფასი შესაძლოა მართლაც დაწიოს, მაგრამ მომხმარებელი დაზარალებული აღმოჩნდება. მისი აზრით, წამლის გაიაფებასთან ერთად, ხარისხიც დაეცემა.
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი კირა სამყურაშვილი ამტკიცებს, რომ სასაქონლო ნიშნების გაუქმება წამლის ხარისხზე უარყოფითად არ აისახება. სამყურაშვილის თქმით, პრეპარატის წარმოების დაწყებამდე მის ხარისხს აკრედიტებული ლაბორატორია ამოწმებს. წარმოების უფლება კომპანიას მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში ეძლევა.


 

 

კომენტარები