თბილისელი მეწაღეები

ბილისელი მეწაღე თბილისის განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის თქვენი ფეხსაცმელების კეთილდღეობის სადარაჯოზე დგას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - იაფად!


სამველ იაგუტიანი - 54 წლის
სტაჟი - 30 წელი
ხელობა სიმამრის ძმას - მაის ტომასიანს უსწავლებია. ჯარიდან ჩამოსვლის მერე უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა და აი, უკვე 30 წელია მუშაობს და მუშაობს.
სამველა თურმე ვერ იმახსოვრებს გვარებს და კლიენტები მხოლოდ სახელებით იცის. ამას წინათ გაიგო, რომ მისი ერთი კლიენტი, ნინო, სამედიცინოში პროფესორი ყოფილა და ეამა.
შემცვლელი უკვე ჰყავს. ხელობა ასწავლა სიძეს, რომელსაც ძალიან უცნაური გვარი აქვს - ბეზპრიზვონნი.
სამველ იაგუტიანი აკეთებს ყველაფერს, რაც ფეხსაცმელს უკავშირდება: კერავს, აახლებს, ძირს უცვლის, (გადა)აკეთებს...
აი, მისი ფასები:

კერვა:
ფეხსაცმელი - 120 ლარი, ჩექმა - დაახლოებით 250 ლარი (მასალის ჩათვლით).
გადაკეთება: - 20-30 ლარი, ჩექმა - 40-50 ლარი;
რესტავრაცია: ელვა შესაკრავის, ლანჩის, ქუსლის გამოცვლა - თითოეული 15 ლარი, “ტანკეტკა” - 40 ლარი;
რესტავრაციას უკეთებს ჩანთებსაც.
მისამართი - ბარნოვის 82 (ხიდთან ახლოს).
სამუშაო საათები: 11:00 - 19:00

არაიკ ამბარიანი (ჩელენტანო) და არტურ მკრტჩიანი - კოლმეურნეობის მოედანი, ტელეფონი - 92 29 92
არაიკი ჩელენტანოს ჰგავს და ძალიან სიამოვნებს, ასე რომ ეძახიან.
ჩელენტანო ოცდაჩვიდმეტი წლისაა და ოცდასამი წელია მუშაობს, არტურიც ოცდაჩვიდმეტისაა და თვრამეტი წელია მუშაობს. ერთს ძველმა ოსტატმა - აგაბალოვმა ასწავლა, მეორეს - ძმამ. ათი წელია ერთად, კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშაში მუშაობენ.
უმუშავიათ ფაბრიკებში, ОКБО-ში, “კრამსში”, უკრაინაში, რუსეთში, თბილისში - ბევრ ადგილას.
მათი მომსახურებაც ყველაფერს მოიცავს.
“კარგ გუნებაზე რომ ვარ, ჩანთების რესტავრაციასაც ვაკეთებ”, - ამბობს ჩელენტანო.
ფასები: “რაც სამველამ გითხრა, ყველაფერს 5 ლარი გამააკელი...”

პირიმზე 2
კოლმეურნეობის მოედნის მეორე მხარეს ახალი “პირიმზეა”. აქ ის ოსტატები სხედან, რომლებიც დანგრევამდე „პირიმზეში” მუშაობდნენ.
აქ გავიცანი უხუცესი მეწაღე, 74 წლის სერგო ღაბოსნიძე, გაბრიელ მანაშეროვი, სერგო იშხანიანი, ავეტიკ ხაჩატრიანი და გივი მარსაგიშვილი (იმ დღეს იუბილარი იყო).
როცა „პირიმზეში” მუშაობდნენ, მათთან სისტემატურად დადიოდნენ ცნობილი ადამიანები: ოთარ კობერიძე, გივი ბერიკაშვილი, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, აჩიკო მეფარიძე, გია ფარადაშვილი...
მერე „პირიმზე” დაანგრიეს და ოსტატები მის გარშემო პატარ-პატარა სახელოსნოებში შესახლდნენ.
სამველის და ჩელენტანოს ფასებმა პირიმზელების აღშფოთება გამოიწვია:
სარეკლამო ტრიუკია! - თქვა ერთმა და ყველა დაეთანხმა.
დაახლოებითი ფასები პირიმზედან:
გადაკეთება - 15-20 ლარი;
ჩექმის გადაკეთება - 30-40 ლარი;
ძირის გამოცვლა - 25-35 ლარი, კარგი ლანჩით -50 ლარი;
ქუსლის გამოცვლა - 20 ლარამდე;
ელვა შესაკრავის გამოცვლა (წყვილი) –15-20 ლარი;
ფეხსაცმლის შეკერვა - დაახლოებით 200 ლარი.
ფოტო და ტექსტი: ალექსანდრე ბაგრატიონი

 

 

კომენტარები