ჩემი სული ხელოვნებას ეკუთვნის, გული - მხატვრობას, გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!

მარინა აბრამოვიჩი ცხოველების ძვლებზე. ვენეციის ბიენალე
2010 წლის 14 მარტს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) სტარტი აიღო ლეგენდარული არტისტის, მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსმა. პერფორმანსი 600 საათი გაგრძელდება ანუ აბრამოვიჩი 3 თვეს გაატარებს მუზეუმში, მდუმარედ და გაუნძრევლად. უცნაური ექსპოზიცია ამავდროულად ავტორის მოღვაწეობის ერთგვარი რეტროსპექტივაცაა, რომლის საშუალებითაც პუბლიკა ავტორის მხატვრულ ბიოგრაფიას გაიცნობს. თავად აბრამოვიჩმა ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა: „ამ ასაკში უკვე დროა საკუთარი მანიფესტო შევქმნა”.

მსგავსი პერფორმანსი, სერიიდან „რიტმი”, შედგა 1974 წელს ნეაპოლში. მაშინ აბრამოვიჩმა 72 ნივთი დააწყო მაგიდაზე: რევოლვერი, ტყვია, ნაჯახი, დანა, ძვალი, ყვავილი, ლურსმანი და ა.შ. წარწერა მაყურებელს აუწყებდა, რომ პერფორმანსის ფარგლებში მათ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ ამ ნივთებით, არტისტის მოკვლის ჩათვლით. თავდაპირველად პუბლიკა პასიურობდა, თუმცა ღონისძიებამ მალევე შეიძინა დრამატული ხასიათი. ადამიანები მას ჭრილობებს აყენებდნენ, სვამდენ სისხლს, მოსავდნენ ხან მეძავის, ხანაც ღვთისმშობლის მსგავსად. არტისტის თქმით, მდედრობითი სქესი უშუალოდ არ მონაწილეობდა გვემაში, ცრემლებსაც წმენდდნენ მას, მაგრამ ამავდროულად მამაკაცებს აძლევდნენ სასტიკ ინსტრუქციებს. მაშინ ამ მხატვრულმა ნაწარმოებმა 6 საათს გასტანა. საინტერესოა, როგორ გაუძლებს არტისტი 6 თვეს, ხელოვნების ობიექტის როლში.
მარინა აბრამოვიჩი დაიბადა 1946 წელს ბელგრადში. 1965-70 წლებში სწავლობდა ბელგრადის სახვითი ხელოვნების აკადემიაში. ხარისხი დაიცვა 1972 წელს ზაგრებში (ხორვატია). 1973-75 წლებში თავად ასწავლიდა სახვით ხელოვნებას ნოვი სადის აკადემიაში (ვოჟვოდინა, სერბია). მისი, როგორც პერფორმანს-არტისტის კარიერა, 1970 წელს დაიწყო.
4 დეკადის მხატვრულად დატვირთული ცხოვრების შემდეგ მარინა აბრამოვიჩი საკუთარ თავს პერფორმანს-არტის ბებიად მოიხსენიებს. საკუთარი ნამუშევრებით იგი იკვლევს ურთიერთობათა სისტემებს ავტორსა და პუბლიკას შორის, სხეულის და გონების შესაძლებლობათა ზღვარს. ხშირად იგი საკუთარ სხეულს წარმოადგენს როგორც არტ ობიექტს და პუბლიკას აქცევს უნებლიე ავტორად, რომელსაც აინტერესებს რიტუალი და ჟესტიკულაცია, ტკივილი და ცნობიერების ზღვარი, არაცნობიერი და მიღმიერი არსებობა, სადემარკაციო ხაზი ხელოვნებასა და ტანჯვას შორის; ის თემები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო კონტრკულტურული და ავანგარდისტული წრეების ხელოვნებისთვის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრში. აბრამოვიჩი მუდამ ემიჯნებოდა ხელოვნების მაგისტრალურ ხაზს და დინების წინააღმდეგ ცურვას ამჯობინებდა, თუმცა მოღვაწეობის მიწურულს მაინც ვერსად გაექცა აკადემიურ წრეებს. შთამბეჭდავია მისი ჯილდოების ჩამონათვალი: ოქროს ლომი, ვენეციის 47-ე ბიენალე, 1997; ბესის ჯილდო, ნიუ იორკი, 2003; არტ კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო, 2003; პლიმუთის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, გაერთიანებული სამეფო, 2009.
როგორც ხშირად ხდება, ის, რასაც ოდესღაც ხელოვნების პროფანიზაციად მიიჩნევდნენ, დღეს პრესტიჟული მუზეუმების ვოლიერებს ამშვენებს. ეტყობა მარინა აბრამოვიჩსაც გამოუნახეს შესაბამისი თარო მსოფლიოში მოწინავე, 1929 წელს დაფუძნებულ, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.



 

კომენტარები