გაზრდილი საბაჟო განაკვეთი მომხმარებელს აზარალებს

გასული წლის ბოლოს მაქსიმალური ანუ 12%-ით დაბეგრილი საქონლის რაოდენობა გაიზარდა. იმ პროდუქტების ნუსხა, რომელიც 2009 წლის 18 დეკემბრიდან ,ნულოვანი ან 5%-იანი გადასახადის ნაცვლად, 12%-ით იბეგრება, დაახლოებით ცამეტ გვერდიანია.
თითქმის ორი თვით ადრე, 6 ოქტომბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში „ეკონომიკური თავისუფლების აქტი” წარადგინა და თქვა, რომ ამ აქტით საქართველო ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმანი ქვეყანა უნდა გახდეს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორებს სტაბილურობის გრძელვადიანი გარანტია შეუქმნას.
ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით, მთავრობის არჩევანი, გაეზარდა 12%-ით დაბეგრილი პროდუქტის ჩამონათვალი, მოულოდნელია: 2005-2007 წლებში თხუთმეტი საბაჟო პროცედურა შვიდით შეიცვალა, ნულოვანი, 5%-იანი და 12%-იანი განაკვეთები დაწესდა და პროდუქციის დიდი უმრავლესობა იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდა.
ამ რეფორმებმა საქართველო, როგორც ბიზნესის დასაწყებად სასურველი ქვეყანა, მსოფლიო ბანკისა და ფორბსის რეიტინგებში დააწინაურა: მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საერთო საგადასახადო ტვირთი ყველაზე დაბალია. ფორბსის 2008 წლის კვლევით, საქართველო, ამ მონაცემით, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედიოდა.
ვაჭრობის მოცულობაც გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მიხედვით, 2005 წლიდან 2008 წლამდე საქონლის რეგისტრირებული იმპორტი 2.49 მილიარდი დოლარიდან 6.30 მილიარდამდე გაიზარდა.
2006 წელს განხორციელებული ცვლილებებით, თითქმის ყველა იმპორტირებული პროდუქტი, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სამშენებლო მასალების გარდა, ნულოვანი განაკვეთით იბეგრებოდა.
2009 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტრო ეროვნული წარმოების წახალისებით ხსნის: დამწყები ადგილობრივი წარმოება ვერ უწევს კონკურენციას იმპორტულ საქონელს, რომელიც იწარმოება დიდი რაოდენობით და მასზე ფასი დაბალია, ტარიფები კი იცავს დამწყებ წარმოებას მანამ, სანამ ის გარკვეულ ზომას მიაღწევს. ქართული შოკოლადი, მაგალითად, რომელიც უცხოური წარმოების შოკოლადზე ძვირია, გაზრდილი ტარიფით ნაკლებად კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდება.
მაგრამ, თუ 12%-იანი განაკვეთით დასაბეგრ პროდუქტთა ნუსხას გადავხედავთ, აქ იმ პროდუქტებსაც დავინახავთ, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება, მაგალითად, ყავის მარცვალი.
თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, მთავრობა 12%-ით დასაბეგრი პროდუქტების ნუსხას იმიტომ ზრდის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შარშანდელთან შედარებით შეამციროს.
მთავრობის გეგმით, წელს დეფიციტის შემცირება 122 მილიონი ლარით მართლაც იგეგმება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საბაჟო გადასახადით წელს 74 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს. შარშან ბიუჯეტში დაახლოებით 36 მილიონი ლარი შევიდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის შეფასებით, საბაჟო ტარიფის გაზრდა ადგილობრივ დამწყებ წარმოებებს უმცირებს მოტივაციას, რომ ტექნოლოგიურად განვითარდნენ, მცირე ადგილობრივი ბაზრის პირობებში კი, ისინი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას ვერ მიაღწევენ და ტარიფების მოხსნის შემთხვევაში გაკოტრდებიან. ნედლეულზე ტარიფების ზრდით, ძვირდება იმპორტი, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქციაც. ზარალდება მომხმარებელი, რადგან მას უმცირდება არჩევანი.
შემცირდება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაც: მაგალითად, თუ უცხოური ტრანსნაციონალური კომპანია ყავის სხვადასხვა პროდუქციის წარმოებას საქართველოში გეგმავს, ის გარკვეული მიზეზების გამო ირჩევს საქართველოს, მათ შორის, წარმოების ხარჯებისა და ბიზნეს კლიმატის შეფასების ხარჯზეც. ეკონომიკის პარამეტრების მიხედვით, საქართველო მისთვის ძირითად კონკურენტებს - ბულგარეთსა და უკრაინას ჯობნის. გაზრდილი საბაჟო გადასახადი, რომელიც ყავის მარცვლის იმპორტზეც ვრცელდება, კომპანიის მიერ გამოშვებულ პროდუქციას აძვირებს და ის, ბუნებრივია, ბულგარეთში ან უკრაინაში მოახდენს ინვესტირებას.
ამდენად, ეროვნული წარმოების ამ გზით წახალისების გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიული იქნება. საქმე ისაა, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტებს, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ აქვს. დსთ-ს ქვეყნებისა და თურქეთის პროდუქცია კვლავინდებურად ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრება. ეს ქვეყნები 12%-ით დაბეგრილ პროდუქტებს თავად აწარმოებენ, ამიტომ იმპორტის ნაწილი ჩანაცვლდება იაფი იმპორტით დსთ-დან და თურქეთიდან. მაგალითად, შვეიცარიული ყველი ბელორუსულით ჩანაცვლდება.
ამას ემატება კიდევ ერთი გარემოება: კორუფცია. თუ იმპორტიორი საბაჟოზე წარადგენს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ შემოსატანი საქონელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს საქონელია, მაშინ საქონელი საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის 2009 წლის კვლევის მიხედვით, იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს, კორუფციის დაბალი დონით საქართველოზე (66-ე ადგილი) წინ მხოლოდ თურქეთია (61-ე ადგილი). მოლდოვა - 89-ე ადგილზეა, სომხეთი და ყაზახეთი - 120, ბელორუსი - 139, აზერბაიჯანი - 143, რუსეთი და უკრაინა - 146, ყირგიზეთი - 162, თურქმენეთი - 168, უზბეკეთი - 174.
იმპორტიორებს ასეთ ქვეყნებში თავიანთი საქონლისთვის წარმოშობის სერთიფიკატის უკანონო გზით მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ და შედეგად, უცხოური წარმოშობის შოკოლადი საქართველოს ბაზარზე მაინც მოხვდება ისე რომ გაზრდილ 12%-იან საბაჟო გადასახადს არ გადაიხდის.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, შემოსავლების გაზრდის მიზნით ეკონომიკიდან რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღების პოლიტიკა მცდარი არჩევანია. უფრო გამართლებული იქნებოდა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა. ახლა საბიუჯეტო ხარჯების მშპ-სთან შეფარდება დაახლოებით 30%-ია. თუ ნობელის პრემიის ლაურეატს ეკონომიკის დარგში მილტონ ფრიდმანს დავუჯერებთ, გადასახადების ოპტიმალური საერთო მოცულობა მშპ-ს 15%-ზე მეტი არ უნდა იყოს.
„რაც უფრო მეტია საბაჟო გადასახადი, მით მეტია ის ზარალი, რასაც მთელი საქართველოს მოსახლეობა ნახავს”, - ამბობს მეგრელიშვილი.




 

კომენტარები