რაში მდგომარეობს ღალატი?

ნინო ბურჯანაძე, ვლადიმერ პუტინი. მოსკოვი, 2010
როგორი ქმედება ხასიათდება ერის ღალატად? როგორი უნდა იყოს ლიბერალური საზოგადოების რეაქცია მასზე? ზურაბ ნოღაიდელის და ნინო ბურჯანაძის ვიზიტებმა მოსკოვში საჭირო გახადა ამ კითხვებზე პასუხი.

ამ თემის გააქტიურება გვახსენებს ოცი წლის წინანდელ - ეროვნული მოძრაობის და შემდეგ „ეროვნული ხელისუფლების“ - პერიოდებს, როდესაც პრაქტიკულად ყველანაირი ოპოზიციური ქმედება „ერის ღალატად“ ინათლებოდა. ჩემთვის და ბევრი სხვისთვის ეს იყო უპირველესი გამოხატულება იმისა, რამდენად არალიბერალური იყო იმდროინდელი საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი. ზოგი ფიქრობს, რომ დღესაც იმავე აზრთა წყობას ვუბრუნდებით. ნიშნავს ეს, რომ „ეროვნულ ღალატში“ ვინმეს დადანაშაულება, თავად ამ ლექსიკის გამოყენება ავტორიტარული აზროვნების მანიშნებელია? თუ არის შემთხვევები, როდესაც ლიბერალსაც არ ეკრძალება ასეთი სიტყვის გამოთქმა?

ლიბერალური საზოგადოების უპირველესი ნიშანი არის შემწყნარებლობა განსხვავებული აზრისა და ქმედებისადმი. ეს უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე მწვავე საკითხებზეც ვრცელდება. რუსეთი, კლასიკური გაგებით, ჩვენი მტერია (თუ „მტერიც“ არალიბერალური სიტყვაა?). თითქმის ორი წლის წინ, ის ჩვენს მოქალაქეებს ხოცავდა და დღესაც ჩვენი ტერიტორიის ნაწილი აქვს მიტაცებული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთთან (ან კონკრეტულ რუსებთან) კონტაქტები, მის მიმართ უფრო დამთმობი პოლიტიკისკენ მოწოდებები, ან თქმა იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, სამშობლოს ღალატია?

რა თქმა უნდა, არა. მოსაზრების გამოთქმა არ შეიძლება თავისთავად ღალატი იყოს. ღალატი არის იქ, სადაც არის ერთგულების ვალდებულება და შემდეგ მისი დარღვევა. პოლიტიკურ კონტექსტში ღალატი არის მტრის მხარეზე გადასვლა. მოღალატე რომ გახდე, ჯერ „ჩვენიანი“ უნდა იყო.

ავიღოთ ყველაზე დრამატული მაგალითი. იყვნენ თუ არა საქართველოს მოღალატეები ბატონები იოსებ ჯუღაშვილი და სერგო ორჯონიკიძე? ისინი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ თავისი სამშობლოს - საქართველოს დასაპყრობად, შემდეგ კი ქართული სახელმწიფოს დემონტაჟის პროცესს უხელმძღვანელეს. ჩემი პასუხია: არა. რატომ? იმიტომ რომ ისინი ჩვენიანები არასდროს ყოფილან. საქართველო, როგორც სახელმწიფო, მათთვის არასოდეს წარმოადგენდა ღირებულებას. საქართველოს ერთგულების ფიცი, მათ არასოდეს დაუდიათ. ისინი იყვნენ პროლეტარული ინტერნაციონალისტები. მათი მიზანი იყო პროლეტარიატის დიქტატურის რაც შეიძლება უფრო ფართოდ გავრცელება. დარჩნენ კიდეც ბოლოდმე ამ საქმის ერთგულნი - ამ მხრივ სასაყვედურო არაფერი აქვთ. სტალინი და ორჯონიკიძე იყვნენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს მტრები - მაგრამ ეს უკვე სხვა კატეგორიაა.

მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ბატონი ზურაბ ნოღაიდელის და ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ქცევაში ქვეყნის ღალატის ნიშნებს ხედავს, ამ სიტყვის მკაცრი აზრით. რატომ? აზრის პროპაგანდა, რომ რუსეთთან საჭიროა კომპრომისი, რომ არსებულ ხელისუფლებას ეს არ შეუძლია და ამიტომ, ეს სხვა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, როგორც ვთვლი, ღალატად ვერ ჩაითვლება. ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან, ეს სრულიად ლეგიტიმური ქმედებაა - ოღონდ ვისურვებდი, რომ ასეთმა პოლიტიკოსმა ზოგად განცხადებებს ცოტა კონკრეტული არგუმენტიც მოაყოლოს: მაგალითად, რუსეთის მიმართ კონკრეტულად რა დათმობები მიაჩნია მისაღებად და შედეგად რა მოგებას ელის.

ღალატი იწყება იქ, სადაც შენი ქმედებები ემსახურება მტრის გეგმებს, მიმართულს შენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ (ცხადია, ორივე აღნიშნული პოლიტიკოსი საქართელოს თავის ქვეყნად თვლის). თანაც ეს ხდება არა უნებლიედ (ვინ იცის, როდის შემოგესხმება წყალი მტრის წისქვილზე, და ვინ განსჯის, რომ ეს მართლაც ასეა?), არამედ შეგნებულად. ასეა ამ შემთხვევაში? მე ვერ ვხედავ, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ ნოღაიდელის და ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტებით: ისინი ვერ ისაუბრებენ ქვეყნის სახელით და არც აქვთ არანაირი შანსი, მოხილვად მომავალში ეს უფლება მოიპოვონ (ანუ ხელისუფლებაში მოვიდნენ). სამაგიეროდ, საკმაოდ კარგად ვხედავ რუსეთის ხელისუფლების (პუტინის) ინტერესს: არსებობს რაციონალური საფუძველი ვიფიქროთ, რომ მას ხელი არ აუღია გეგმაზე, ხელი შეუწყოს არაკონსტიტუციური გზებით საქართველოს კანონიერი ხელისუფლების თავიდან მოიშორებას და მისთვის მეგობრული რეჟიმი დაამყაროს. თუ მას არ უნდა ნოღაიდელის და ბურჯანაძის ამ გეგმისთვის გამოყენება, გაუგებარია, ამხელა ქვეყნის პრემიერი რატომ უნდა ხვდებოდეს პატარა ქვეყნის მარგინალურ ოპოზიციურ ფიგურებს? ასეთი რამის ხელშეწყობა კი სამშობლოს ღალატის ყველა მიღებულ დეფინიციაში ჯდება.

სამშობლოს ღალატი კრიმინალურად დასჯადი ქმედებაა. ნიშნავს თუ არა ეს სტატია, რომ ნოღაიდელის და ბურჯანაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას მოვითხოვ ხელისუფლებისგან? არა, და არა მხოლოდ პოლიტიკური მოტივით (ეს ცუდად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე). მტკიცება იმისა, რომ პუტინთან შეხვედრები ქვეყნისთვის საზიანო მიზნების მიღწევას ემსახურება, მაინც ვარაუდს ემყარება. ეს ვარაუდი სრულიად რაციონალურია და სხვა ახსნას ხსენებული პოლიტიკოსების ქმედებას უბრალოდ ვერ ვუძებნი. მაგრამ კრიმინალური ბრალდებისთვის ეს საკმარისი, ჩემი აზრით, არ არის. თუმცა, არსებობს ღალატის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური გაგებაც. ნოღაიდელი და ბურჯანაძე მტრის - რუსეთის თამაშს შეგნებულად თამაშობენ. ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია იმის სათქმელად, რომ მორალურად მათი ქმედება ღალატის ტოლფასია.

კომენტარები