სიკვდილის ანგელოზები

0 კომენტარი

ორშაბათს, 29 მარტის დილას, მოსკოვი ორმა აფეთქებამ გამოაფხიზლა. ადგილობრივი დროით 07:52 და 08:32 საათზე მეტროს სადგურები „ლიუბიანკა” და „პარკ კულტური” ტერაქტებმა შეძრა. ერთ-ერთი თავდამსხმელი 17 წლის დაღესტნელი ქვრივი, ჯენეტ აბდურახმანოვა (სხვა წყაროებით - აბდულაევა) იყო. მისი მეუღლე, ჩრდილოკავკასიელი მეომარი უმალატ მაგომედოვი (ალ-ბარას სახელით ცნობილი), რუსმა სამართალდამცავებმა 2009 წლის 31 დეკემბერს, სპეცოპერაციისას მოკლეს. მეორე თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. საერთო ჯამში, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა 39 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

ყო დრო, როდესაც საკუთარი სხეულის „ცოცხალ ჭურვად” გამოყენება ძნელად წარმოსადგენ და გამონაკლის მოვლენათა რიცხვს განეკუთვნებოდა. დღეს კი ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მორიგი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შესახებ. მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით, თვითმკვლელთა თავდასხმები საერთაშორისო ტერორიზმის ყველაზე ეფექტური ფორმაა. 1980-2001 წლებში ამგვარი იერიშები ტერორისტული აქტების მხოლოდ 3%-ს შეადგენდა, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა ტერაქტებით გამოწვეული საერთო სიკვდილიანობის ზუსტად ნახევარს უტოლდებოდა.
უკანასკნელ წლებში ტერორისტულ ბრძოლაში სულ უფრო მეტი ქალი ერთვება. თავდასხმებში ქალების მონაწილეობა, ერთი შეხედვით, უცნაურია, თუმცა, სწორედ ეს მოულოდნელობა აქცევს ქალებს ფატალურ იარაღად ტერორისტულ ორგანიზაციათა ხელში.
ეს ფენომენი შედარებით ახალია და ამიტომ მეცნიერებისთვის ძნელია მის ზოგად მახასიათებლებზე მსჯელობა. ერთი რამ ცხადია - ისევე როგორც მამაკაც თვითმკვლელ ტერორისტთა შემთხვევაში, ქალებიც ახალგაზრდები არიან - საშუალოდ 16-26 წლისანი. სხვა ტენდენციები განზოგადების საშუალებას არ იძლევა: ზოგი მათგანი ქვრივია, გაუნათლებელი, უმუშევარი, ღარიბი ოჯახიდან, ზოგიც საპირისპიროდ - გათხოვილი, განათლებული, საშუალო ფენის წარმომადგენელი, წარმატებული პროფესიონალი. მამაკაცების მსგავსად, ქალ თავდამსხმელებსაც დაკარგული ჰყავთ ნათესავი ან ახლო მეგობარი. ქალი ტერორისტების რეკრუტირებაც მამაკაცების ანალოგიურად ხორციელდება. ტერორისტული ორგანიზაციები სარგებლობენ კანდიდატების გულუბრყვილობით, ენთუზიაზმით, პირადი გასაჭირითა თუ შურისძიების წყურვილით.
პირველი თვითმკვლელი ქალი ტერორისტი 1985 წლის 9 აპრილს გამოჩნდა. სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის წევრი, 16 წლის ლიბანელი გოგონა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანით ისრაელის სამხედრო კოლონას შეეჯახა. შემთხვევისას ორი ებრაელი სამხედრო დაიღუპა და ორიც დაიჭრა. მას შემდეგ თვითმკვლელი ტერორისტი ქალები ომის წარმოების ახალ, არაკონვენციურ იარაღად იქცნენ: ისლამური წინააღმდეგობის (ინტიფადა) ფარგლებში სულ უფრო მეტი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი ჩაერთო ჰამასის, ჰესბოლას, პალესტინის ისლამური ჯიჰადისა და ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების მიერ ორგანიზებულ ტერაქტებში; რუსეთსა და თურქეთში ქალების თავდასხმებმა მრავალი ჯარისკაცისა თუ მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა; „თამილელი ვეფხვების” მიერ ორგანიზებულ ტერაქტს 1991 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი ემსხვერპლა.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუტში განმარტავენ, რომ „ცოცხალი ჭურვების” გამოყენება „ოპერაციული მეთოდია, რომელშიც თავდასხმის აქტი პირდაპირ კავშირშია დამნაშავის სიკვდილთან. ტერორისტი სრულიად აცნობიერებს, რომ თუ ის თავს არ მოიკლავს, დაგეგმილი თავდასხმა არ აღსრულდება”.
ტერორისტული ორგანიზაციები „მტრული” სახელმწიფოების თავდაცვის მეთოდებს ზედმიწევნით სწავლობენ და, აქედან გამომდინარე, ხშირად ცვლიან მოქმედების ტაქტიკას. თვითმკვლელობის აქტებში ქალების ჩართვას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ზოგიერთი ფუნდამენტალისტი ლიდერი. მაგალითად, 2002 წელს ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა ჰამასის სულიერმა ლიდერმა შეიხ აჰმედ იასინმა განაცხადა: „ჰამასისთვის მიუღებელია ომში ქალების ჩართვა”. მისი პოზიცია მკვეთრად შეიცვალა 2004 წლის 14 იანვრის შემდეგ, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა პირველად განახორციელა შეტევა ჰამასის სახელით. მან ეს ცვლილება „ბრძოლის ევოლუციით” ახსნა: „მებრძოლი მამაკაცები ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან, ქალებს კი უფრო ადვილად შეუძლიათ თავდასხმის ობიექტთან მიახლოება, - თქვა იასინმა, - ქალები ერთგვარი სარეზერვო არმიაა - როდესაც დგება საჭიროება, ჩვენ მათ ვიყენებთ”. მკვლევართა აზრით, „ცოცხალ ჭურვად” ქცევა ქალებისთვის ემანსიპაციის ხერხიცაა. ამ შემთხვევაში ისინი მამაკაცების თანასწორები ხდებიან. სულიერი ლიდერები მათ აიმედებენ, რომ მოწამებრივი სიკვდილისთვის ქალებისა და მამაკაცების ჯილდო თანაბრად უხვია. მანამდე „იმქვეყნიურ სამყაროში” ამგვარი პრივილეგირებულობა ქალებისთვის მიუწვდომელი იყო.
ქალების თვითმკვლელ ტერორისტებად გამოყენებას თავისი უპირატესობა აქვს. პირველ ყოვლისა, ესაა ტაქტიკური წინსვლა: ქალებს შეუძლიათ უფრო ფარულად იმოქმედონ; მეტია მოულოდნელობის ეფექტი; ქალებს იშვიათად ჩხრეკენ; მათ უფრო ადვილად შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა ან ვიზის აღება; დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ქალი ნაკლებად აღიქმება ძალადობრივ ინსტრუმენტად. გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებებში ქალების ჩართვით იზრდება მებრძოლთა რაოდენობა. ახლო აღმოსავლეთის მკვლევარები გამოყოფენ დამატებით მიზეზს, რომლის მიხედვითაც: „პალესტინელი სამხედრო დაჯგუფებები (თვითმკვლელ ქალ ტერორისტებს) ისრაელის რეჟიმის დასამცირებლად იყენებენ”.
თანამედროვე მედია ძირითადად ახალგაზრდა, სასოწარკვეთილ, ღარიბ და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ მამაკაცებს ხატავს თვითმკვლელ ტერორისტებად. ეს მცდარი წარმოდგენაა. მკვლევართა მონაცემებით, ტერორისტების უმეტესობას ნორმალური განათლება, მყარი ფსიქიკა და, ხშირ შემთხვევაში, უკეთესი სოციალური მდგომარეობა აქვთ, ვიდრე იმ ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთა სახელითაც მოქმედებენ. 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილე 19 თავდამსხმელიდან 15 შეძლებული არაბული ოჯახიდან იყო და მათი უმეტესობა ცხოვრობდა ან სწავლობდა დასავლეთში.
თვითმკვლელი ტერორისტები, როგორც წესი, მოხალისეები არიან. მაგალითად, კამიკაძეები, რომლებიც იაპონიამ პირველად ფილიპინების ბრძოლაში გამოიყენა (1944), ახალგაზრდა, განათლებული მფრინავები იყვნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ ომის კონვენციური მეთოდებით იაპონია დამარცხდებოდა. როდესაც ადმირალმა ტოკიჯირო ონიშიმ იაპონელ მფრინავებს ჰკითხა, თუ ვის სურდა „სპეციალურ თავდასხმაში” (ტოკოტაი) მონაწილეობა, ყველა მათგანმა გადადგა ნაბიჯი წინ. მფრინავებს განემარტათ, რომ თავდასხმაში მონაწილეობაზე უარის თქმა სულაც არ იყო სამარცხვინო და არც ისჯებოდა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა უკან არ დაიხია.
ჩნდება კითხვა - რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მამაკაცსა თუ ქალს, რომ თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე და უდანაშაულო ადამიანებიც იმსხვერპლოს?
ისტორიულად, თვითმკვლელთა თავდასხმებს ჯერ კიდევ რომალების მიერ ოკუპირებულ იუდეაში იყენებდა ზილოტთა ებრაული სექტა „სიქარი”. ჯვაროსანთა ლაშქრობების ადრეულ პერიოდში კი თვითმკვლელთა თავდასხმებს, როგორც ბრძოლის იარაღს, თანაბრად ფლობდნენ მუსლიმები და ქრისტიანები. ჰაშაშინები (ევროპელები „ასასინებად” მოიხსენიებენ) ჰაშიშით გათანგულ მებრძოლებს თავგანწირვის სანაცვლოდ სამოთხეში ადგილს ჰპირდებოდნენ, ხოლო ქრისტიან რაინდთა ორდენმა „ტამპლიერებმა” საკუთარი გემები და 140 ქრისტიანი მებრძოლი შესწირეს მუსლიმთა ფლოტის განადგურებას.
ფსიქოლოგები იდეოლოგიურ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. გამოიყოფა თვითმკვლელ ტერორისტად ჩამოყალიბების ოთხი სტადია: პირველ ეტაპზე ინდივიდში ვითარდება ექსტრემისტული წარმოდგენები, ყოველდღიურობიდან გარკვეული ტიპის მოვლენების გამოყოფით; შემდეგ ეს მოვლენა კვალიფიცირდება „უსამართლოდ”; მომდევნო ეტაპზე ინდივიდი „უსამართლო მოვლენას” კონკრეტულ პოლიტიკას, პირს, ერს ან სახელმწიფოს მიაწერს, რის შედეგადაც ხდება „მტრის” ხატის ჩამოყალიბება. მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში კი ყველა საშუალება გამართლებულია.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ პეიპმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თვითმკვლელი ტერორისტების 500-ზე მეტი თავდასხმა შეისწავლა. მისი მტკიცებით, თვითმკვლელი ტერორისტების 95%-ს უფრო სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს (მაგალითად, საოკუპაციო ძალების სახელმწიფო ტერიტორიიდან გაძევება), ვიდრე რელიგიური. თუმცა, ამგვარი ტერაქტების ალბათობა იზრდება იქ, სადაც არსებობს რელიგიური დაპირისპირებაც. ლიბანი, ერაყი, პალესტინა/ისრაელი და ჩეჩნეთი ამის ნათელი მაგალითებია. ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, „იაფი” იარაღის გამოყენებით დააშინონ „მტრული” მოსახლეობა და მათ მთავრობებს პოლიტიკის შეცვლა აიძულონ. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში თვითმკვლელების თავდასხმები ლიბანის პროირანულმა ჰესბოლამ (ღმერთის პარტია) გეოპოლიტიკური ეფექტის მოსახდენად გამოიყენა. 1983 წლის თავდასხმაში სატვირთო მანქანის თვითმკვლელმა მძღოლმა 300-ზე მეტი ამერიკელი და ფრანგი სამხედრო გაანადგურა. შედეგად, ამერიკულმა და ფრანგულმა შენაერთებმა დატოვეს საერთაშორისო ძალები, რომლებიც იმ პერიოდში ლიბანში პატრულირებდნენ. 1985 წლისთვის ისრაელს მოუწია დაეთმო ის ტერიტორიული და პოლიტიკური უპირატესობები, რომელიც მან 1982 წელს ლიბანში შეჭრით მოიპოვა.
თვითმკვლელი ტერორისტების მოტივაციაზე გავლენის მომხდენად ითვლება ისლამური რელიგიაც. ტერორიზმს, როგორც ბრძოლის მეთოდს, შემთხვევითი ან სიმბოლური მსხვერპლი ჰყავს სამიზნედ. თუ მე-19 საუკუნის ბოლოს რუსი რევოლუციონერები ალექსანდრე II-ის მკვლელობის დაგეგმვისას უდანაშაულო მსხვერპლს ერიდებოდნენ, დღეს ასეთი გადარჩევა აღარ ხდება. ამდენად, იზრდება სამიზნეთა რაოდენობა. ტერორისტებს სწამთ, რომ ფართო საზოგადოებაზე ძალადობრივი ზემოქმედებით შესაძლებელია კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევა.
ტერორის მეშვეობით პოლიტიკური მიზნის მიღწევა პირველად მაქსიმილიან რობესპიერმა სცადა საფრანგეთის რევოლუციის დროს. ის თვლიდა, რომ ტერორი „ღირსების აქტია”, რომლის შედეგი „სწრაფი, მკაცრი და შეუქცევადი” სამართლიანობაა. იგივენაირად ამართლებდნენ ტერორს მეოცე საუკუნის რევოლუციონერებიც: ლენინი - რუსეთში, პოლ პოტი - კამბოჯაში, ჰომეინი - ირანში. საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სეკულარული ტერორისტული დაჯგუფებები (მაგ: ლიბერაციის ფრონტი ალჟირში, ეტა ესპანეთში, წითელი ბრიგადები იტალიაში, ირლანდიის რესპუბლიკური არმია და ა.შ.) ნაკლებად იყენებდნენ თვითმკვლელ ტერორისტებს (გამონაკლისია - „თამილელი ვეფხვები” და ქურთების მუშათა პარტია). ისლამური დაჯგუფებები კი ამას სისტემატურად აკეთებენ: 1980-2003 წლებში თვითმკვლელების 300 თავდასხმიდან 224 ისლამისტი ტერორისტების მოწყობილი იყო. ისლამი კრძალავს თვითმკვლელობას, თუმცა, ისტორიულად, ისლამის გავრცელებისთვის თავის გაწირვა თვითმკვლელობად არ ითვლეობოდა და „დიდებულ მსხვერპლშეწირვად” მოიხსენიებოდა. თვითმკვლელი ისლამისტი ტერორისტების მთავარი სტიმული სწორედ წამებულის საპატიო წოდების მოპოვება იყო.
სეკულარული და ისლამისტი ტერორისტების ქმედებების შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თანამედროვე ტერორის ხასიათიც. 1945-79 წლებში მოქმედი სეკულარული დაჯგუფებებისგან განსხვავებით, დღეს „ისლამის მტრების” წინააღმდეგ ბრძოლა შეუზღუდავია დროსა და სივრცეში. ისლამისტი ტერორისტები მთელ დასავლურ კულტურას ებრძვიან. ამდენად, მოსაზრება, რომ ტერორისტთა ქმედებები „რეპრესიული ოკუპაციური რეჟიმების” არსებობითაა განპირობებული, მცდარია. ამის ნათელი მაგალითია ალ-ქაიდას ქსელის რადიკალიზაცია. მათ რუსეთ-ავღანეთის ომში დაგროვილი გამოცდილება, 21-ე საუკუნეში, დასავლურ ცივილიზაციას დაუპირისპირეს: ისინი თავს ესხმიან ავღანეთში ნატოს ეგიდით დისლოცირებულ სამხედრო შენაერთებს; აწყობენ ტერაქტებს ერაყში; ხოლო 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი და ლონდონის 2005 წლის აფეთქებები მთელი დასავლური ცივილიზაციის დაშინებას ისახავდა მიზნად.
2002 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც 18 წლის ქალმა ისრაელის სუპერმარკეტში თავი აიფეთქა და ორი ადამიანი მოკლა, ახლო აღმოსავლეთის მკვლევარმა პრფესორმა ჯაბერმა განაცხადა: „ვშიშობ, თუ ასე გაგრძელდება, ტერორისტები სულ უფრო მეტ ახალგაზრდა ქალს გადაიბირებენ. თუ ისინი ერთხელ გადალახავენ დასაშვებ ზღვარს, არ დარჩება არავითარი ბარიერი”. დღეს უკვე ძნელი წარმოსადგენია, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ქალებისთვის არსებობდეს რაიმე სახის ზღვარი. ბოლო დროს მუსლიმი სასულიერო პირები ამართლებენ ქალების „მოწამებრივ” სიკვდილს. ჩეჩენი შაჰიდი ქალების გამოჩენამდე თვითმკვლელ ტერორისტ ქალთა თავდასხმები მხოლოდ სეკულარული ტერორიზმისთვის იყო დამახასიათებელი.
მოსკოვის ტერაქტებს ორ დღეში კიდევ ორი აფეთქება მოჰყვა რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყიზლარში. დაიღუპა 12 და დაიჭრა ათობით ადამიანი. ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა გამოიწვია.
2008 წელთან შედარებით, რუსეთის ფედერაციაში ტერორისტული თავდასხმების რიცხვმა 4-ჯერ იმატა. მათი უმეტესობა ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში განხორციელდა. 2009 წელს აღირიცხა 1100-ზე მეტი ინციდენტი; დაიღუპა 900 ადამიანი. შედარებისთვის, 2008 წელს გამოვლინდა 795 შემთხვევა და დაიღუპა 586 ადამიანი. თუნდაც ამ მარტივი სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთში ტერორისტული აქტების განხორციელება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში - ქვეყნებში, სადაც ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლებები ბევრად უფრო დაცულია. ამ ქვეყნებში ტერორისტებს მეტი მომზადება, კონსპირაცია, მეტი ფულის ხარჯვა უწევთ და ამიტომ ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა მცირეა. რუსეთში კი, აგერ უკვე 11 წელია, აფეთქებების ტალღა გრძელდება.
ჩრდილო კავკასიური სამხედრო დაჯგუფებები თავდაპირველად უფრო ნაციონალისტური მოტივებით საზრდოობდნენ. ისინი ძირითადად რუს სამხედროებს ესხმოდნენ თავს. კავკასიელი ტერორისტების ისლამიზაციის პარალელურად კი სამიზნე შეიცვალა. დღეს შაჰიდი ქალების მსხვერპლი რიგითი მოქალაქეები არიან შუაგულ მოსკოვში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები