ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი

0 კომენტარი

7 აპრილს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. 750 ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში ორ კვირაში გაემგზავრება. საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონში, ჰელმანდში, ამერიკულ კონტინგენტთან ერთად იმსახურებს. ქართველმა ჯარისკაცებმა წვრთნა ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ საქართველოში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად გაიარეს. ისინი, როტაციის პრინციპით, 6 თვეში ერთხელ შეიცვლებიან.
6 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაურეკა და ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი „მნიშვნელოვანი წვლილისთვის” მადლობა გადაუხადა.
ამ წვლილზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმაც ბრიუსელში, 25 მარტს, ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ქართული კონტინგენტი ყველაზე დიდია საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ნატოს ძალებში. „ჩვენ მცირერიცხოვანი პროფესიული არმია გვყავს და ათასი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა ავღანეთის ყველაზე მგრძნობიარე და რთულ რეგიონებში ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან იქვე დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან „მთელი ქართული საზოგადოება” დგას.
ქართველები ავღანურ ოპერაციებში 2004 წლიდან მონაწილეობენ. მაშინ ქართულმა ოცეულმა ბრიტანული ბატალიონის შემადგენლობაში იმსახურა. 2009 წლის შემოდგომაზე კი პირველი ქართული ასეული და ორი მეკავშირე ოფიცერი გაიგზავნა ავღანეთში. ჯარისკაცები ფრანგულ ზონაში მსახურობენ. ფრანგები კაპისას რეგიონში გზებს იცავენ, სამხედრო მომსახურებას უწევენ ადგილობრივებს და ავღანეთის ეროვნულ არმიას წვრთნიან. ორი მეკავშირე ოფიცერი კი თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში იმყოფება. ამჟამად ავღანეთში სულ 175 ქართველი სამხედროა.
საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების სიაშიც, რომლებიც წელს სპეციალურ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის წვრთნისა და აღჭურვის გასაუმჯობესებლად. ეს სია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს 22 მარტს წარუდგინა. თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა 22 მარტის წერილში კონგრესს აცნობა, რომ მიმდინარე წელს აშშ ამ ქვეყნებში 10 პროგრამას დააფინანსებს. პროგრამების განსახორციელებლად 350 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
საქართველოს კიდევ ერთი წვლილი ამ სამშვიდობო ოპერაციაში ტვირთის ჩვენი ქვეყნის გავლით ჩატანაა ავღანეთში. ამაზე საქართველო და ნატო 2005 წლის მარტში შეთანხმდნენ. თუმცა, ეს ტვირთი არასამხედრო დანიშნულებისაა. ამჟამად იმ არასამხედრო დანიშნულების ტვირთის 70%, რაც არ გადის პაკისტანის ტერიტორიაზე, საქართველოდან მიეწოდება ნატოს ჯარებს ავღანეთში.
იქიდან გამომდინარე, რომ პაკისტანში თალიბების თავდასხმების გამო ტვირთს საფრთხე ექმნება, ამერიკის მთავრობა ალტერნატიულ გზებს ეძებს. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა ჩრდილოეთის გზაა. ყაზახეთი იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ამ ხაზს შეუერთდა. მანამდე ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთთან, უკრაინასთან და უზბეკეთთან.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ შესთავაზა ნატოს ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ტვირთის გაფართოება. აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენლმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა თებერვალში საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საორგანიზაციო საკითხია, რომლის შესწავლაც უკვე დაწყებულია.
საფრანგეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ჟან-ლუკ თეუსმა, რომელიც ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს, გასულ თვეს ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველოზე გამავალი ტვირთის ოდენობის გაზრდა რეალურია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიწოდების ჩრდილოეთი გზა არ არის პაკისტანზე გამავალი ორი ძირითადი გზის ალტერნატივა. გარდა ამისა, საქართველოზე გამავალი გზა მოსახერხებელია ავღანეთამდე ტვირთის ჩასატანად. ამასთან, თეუსმაც აღნიშნა, რომ ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, რთული საკითხია და ფრთხილი შესწავლა სჭირდება.
ავღანეთი არ არის პირველი საერთაშორისო ოპერაცია, რომელშიც ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ. 1999 წელს ქართულ სამშვიდობო ოცეულს კოსოვოში ეთნიკური უმცირესობის - ადგილობრივი თურქების უსაფრთხოების დაცვა დაევალა. ქართულმა კონტინგენტმა კოსოვო 2008 წლის აპრილში დატოვა. ამ ოპერაციებში სულ 2259 ქართველი მონაწილეობდა.
მეორე მისია ქართველმა ჯარისკაცებმა ერაყში შეასრულეს. ამ ქვეყანაში ქართულმა კონტინგენტმა 2007 წლისთვის 2000 კაცს მიაღწია. აქ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 2008 წლის ნოემბერში ბოლო ქართულმა კონტინგენტმა დატოვა ერაყი.
 ავღანეთი უკვე მესამე საერთაშორისო ოპერაციაა ქართველი ჯარისკაცებისათვის.
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები